ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე:  საზოგადოება მათგან ანტიდასავლურ რიტორიკას არ უნდა ელოდოს - ისინი ამბობენ: ევროატლანტიკური გზა რომ არ გახდეს რევოლუციის მძევალი, ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება გვსურს, ვიდრე აკეთებთ თქვენ

ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: საზოგადოება მათგან ანტიდასავლურ რიტორიკას არ უნდა ელოდოს - ისინი ამბობენ: ევროატლანტიკური გზა რომ არ გახდეს რევოლუციის მძევალი, ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება გვსურს, ვიდრე აკეთებთ თქვენ


ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე - საზოგადოება მათგან ანტიდასავლურ რიტორიკას არ უნდა ელოდოს - ისინი ამბობენ: ევროატლანტიკური გზა რომ არ გახდეს რევოლუციის მძევალი, ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება გვსურს, ვიდრე აკეთებთ თქვენ


ჩვენ ისეთ უღრან აბსურდში ვართ შესული, რომ ვერც ვხვდებით, ეს ქვეყანაა თუ რაღაც ორღობე, სადაც ჯერ კიდევ ვჭიდაობთ იმისთვის, აბა, რომელი მოერევა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციის იდეას დროებითი ტექნიკური მთავრობის შესახებ.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნულმა პროცესმა შეიძლება ისეთ ქაოსამდე მიგვიყვანოს, რომ „ქვეყანა წელში ვერასდროს ვერ გასწორდეს“.

„აქ ლაპარაკი აღარ არის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, ეს დიდი ხანია გვერდზეა გადადებული. აქ ლაპარაკი არ არის, რომ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, ესეც დიდი ხანია გვერდზე აქვთ გადადებული. აქ ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები და არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, გარდა იმ სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც ყველა რეიტინგით ერთ პროცენტს ვერ ცდება. აქ ამაზე აღარ არის ლაპარაკი, რომ ამ ქვეყანაში რაიმე პროცესი არსებობს, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ „დავინახე ხალხი მიტინგზე და ახლა მოდი, შენ მთავრობა გადადექი და ამ მიტინგზე რამდენიმე კაცი მოვილაპარაკებთ“.

ამ ვითარებაში, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად უნდა ყველას ხმამაღლა ვუთხრათ, რომ პატივი ეცით საკუთარ სამშობლოს, საკუთარი სამშობლოს კონსტიტუციას და საკუთარ ამომრჩეველს, ვერავითარი ფსევდო ლიდერები ვერ იქნებიან ქართველი ხალხის აზრის გამომხატველი. ერთადერთი რამ გამოხატავს ხალხის აზრს ხელისუფლების ფორმირებაში, არჩევნები.

მათ ხელისუფლებაში მოსვლა მოუნდებათ და ამის გამო მოხდეს ქვეყნის ნჯღრევა? მთავრობა გადადგეს, ის გადმოდგეს, ეს არ არის პროცესი, ეს მიგვიყვანს ჩვენ ისეთ ქაოსამდე, რომ ქვეყანა წელში ვერასდროს გასწორდება. დღეს ამათ აქვთ იმის სითავხედე, ამ სწორ ადგილზე სპეკულაციების გზით, აღქმების შექმნის გზით, დესტაბილიზაციის მოწყობის გზით, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის შემოპარვით, ამ გზაზე კიდევ აქვთ ის სითავხედე, რომ უნდათ კიდევ ერთხელ დაპირისპირება, არ იქნება ეს დაპირისპირება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციისთვის ნებისმიერ პოზიტიურ საქმეში თანამონაწილეობა ნიშნავს, რომ „მათ რევოლუციურ სცენარს აგური უნდა გამოაკლდეს“ და ამიტომ ამაზე უარს ამბობენ.

„ამ ვიწრო წრის მოთხოვნა, რომ ქართველო ამომრჩეველო, შენ ორჯერ ვისაც დაუჭირე მხარი, ამ მიტინგით უნდა გავყაროთ გარეთ და მოგიყვანთ ვიღაცებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, საერთოდ სად ვართ, სად მიგვიყვანეს და რა აზროვნებამდე დაგვიყვანეს? ამ ხელისუფლებას მოწყურებული ხალხის დაგეშილ რიტორიკას უნდა გავყვეთ? პარლამენტის წევრები არიან, მოვიდნენ, დასხდნენ და საგნობრივად ისაუბრონ. საარჩევნო კოდექსი მივიღეთ ისეთი, რომ საქართველოს არ ქონია ასეთი, საუკეთესო სტანდარტებით, რამდენიმე გამონაკლისი ოპოზიციონერის გარდა არცერთმა მათგანმა საერთოდ ხმა არ მისცა. რატომ? იმიტომ, რომ ყველა პოზიტიურ საქმეში თანამონაწილეობა ნიშნავს, რომ მათ რევოლუციურ სცენარს აგური უნდა გამოაკლდეს. ამიტომ არ აწერდნენ არც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების შესახებაც ისაუბრა და კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა პარტიიდან წასული დეპუტატების მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკას, განაცხადა, რომ „საზოგადოება ამას არ უნდა ელოდოს“.

„საზოგადოება ამას არ უნდა ელოდოს იმიტომ, რომ გუშინდელ სჯა-ბაასში ყველა საკითხი გამოიკვეთა. მიზანი სწორედ ის არის, რომ ის პერსპექტივა, რომელიც დღეს ჩვენ გაგვეხსნა, არ უნდა გახდეს მძევალი რევოლუციური სცენარისა და ამასთან დაკავშირებით სწორედ ისინი ამბობენ, რომ იმისთვის რათა საქართველოს ევროატლანტიკური გზა არ გახდეს რევოლუციის მძევალი, ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება გვსურს, ვიდრე ამას აკეთებთ თქვენ. „ქართული ოცნებისთვის“ დღეს, ამ მომენტში, მთავარი დღის წესრიგი არის, ეს. პრემიერ-მინისტრმა ძალიან ღიად და მკაფიოდ განაცხადა, ამ თორმეტივე მოთხოვნის რაც შეიძლება სწრაფად და მოკლე ვადებში შესრულება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.