საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესა და ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ ქემფბელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკელმა გენერალმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში ქართულ ბაზაზე 13 მაისსა და 6 ივნისს მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების გამო. მან პირადად სთხოვა პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლობის სახელით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმროს.
როგორც ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა პოლკოვნიკ ძნელაძესთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონისთვის ეს ძალიან დიდი დანაკარგია. ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ აშშ-ის სარდლობა ევროპაში საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედროებზე ზრუნვას გააგრძელებს.
გენერალ-ლეიტენანტმა დონალდ ქემფბელმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. საუბრის ბოლოს ამერიკელმა გენერალმა პოლკოვნიკ ძნელაძეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, რომ აუნაზღაურებელი დანაკარგის მიუხედავად, ქართველი სამხედროები კვლავ ვაჟკაცურად განაგრძობენ საერთაშორისო მისიის შესრულებას ავღანეთში.