უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს და რომელმაც ნაციონალების სრული ისტერიკა გამოიწვია, არის ერთადერთი გზა საქართველოში უნივერსიტეტების, როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრების, გადასარჩენად და განვითარების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ამჟამად ოპოზიციაში მყოფ „აკადემიური თავისუფლების თაყვანისმცემელ“ ნაცმოძრაობას შევახსენებთ, თუ რა ცინიკური და ბარბაროსული მეთოდებით ერეოდნენ ათასი ჯურის ლომაიები და შაშკინები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პოლიციური რბევების მეშვეობით დაამყარეს ნეობოლშევიკური რეჟიმი სააკაშვილის ნებით, ლომაიას ხელმძღვანელობით, ხუბუას ხელითა და კირკიტაძის „მეთვალყურეობით“.
ამ დღეებში იმავე ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვიხილეთ მორიგი წარმოდგენა, როცა რექტორი კვიტაშვილი გადადგა... თუმცა არ გადამდგარა და ამჟამად იგი უნივერსიტეტის რექტორი აღარ არის... თუმცა არის უნივერსიტეტის რექტორი.
აღარაფერს ვამბობთ იმ აფერაზე, რომელიც თევზაძე-რატიანის დუეტმა გაითამაშა და რატიანის ბინაზე დარეგისტრირებული შპს-ს მეშვეობით სცადეს, ხელში ჩაეგდოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.
ნაციონალების ყურადღებას მივაქცევთ, თუ რა აბსურდულ მდგომარეობაში არიან ისინი ჩაყენებულნი, როცა იძულებულნი არიან ამტკიცონ, რომ უნივერსიტეტის რექტორს არ სჭირდება სამეცნიერო გამოცდილება და ხარისხი და, ვთქვათ, სააფთიაქო ქსელის წარმატებულ მენეჯერს იმავე წარმატებით შეუძლია უნივერსიტეტის მართვა... ყველაფრის თქმასა და კადრებას, ჩანს, მართლაც არა აქვს საზღვარი.
ამასთან, გაკვირვებას გამოვხატავთ იმ ფაქტის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს არაფრით არ უნდა დაინახოს განსხვავება გარდამავალ პერიოდში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასა და რექტორის თავისუფალ პირობებში არჩევას შორის, რომელიც რეფორმის მეორე და საბოლოო ეტაპად არის დაგეგმილი. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სწორი, პასუხისმგებლიანი და პრინციპული პოზიცია, რასაც მოკლებულნი ვიყავით მთელი ამ წლების განმავლობაში.
„ქართული აკადემია“ მიიჩნევს, რომ რეალური საუნივერსიტეტო ავტონომიის დამკვიდრებისათვის აუცილებელია გარდამავალი ეტაპის დაწესება, პრემიერ-მინისტრის მიერ დროებით რექტორად დანიშვნა სათანადო კომპეტენციით აღჭურვილი პირისა, რომელიც გარდამავალი პერიოდის შემდეგ ვეღარ იყრის კენჭს რექტორის თანამდებობაზე. ეს მიგვაჩნია ყველაზე ეფექტურ საშუალებად ნაცმოძრაობის მიერ მოწყობილი ბალაგანის აღმოსაფხვრელად და საბოლოოდ საქართველოს უნივერსიტეტებში რეალური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების მისაღწევად.