სამწუხაროა, მაგრამ ეს განცხადებაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ განსაზღვრული გეგმის პირველ პუნქტთან, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, პარტია „ლელო საქართველოსთვის" მმართველი პარტიისადმი მიმართვას, რომ „დაუყონებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად“.
„„ლელოს“ მსგავსი განცხადება, გარკვეული შანტაჟის მატარებელია და არანაირ სულისკვეთებაში არ მოდის იმასთან მიმართებაში, რასაც ევროკავშირის გვთხოვს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ის კონკრეტული პუნქტები აუცილებლად განხორციელდეს. ამისთვის ჩვენს გუნდში მუშაობა უკვე დაწყებულია. აქვე გეტყვით, რომ ძალიან ბევრი პუნქტი რომელიც მოცემულია ევროკავშირის სამოქმედო გეგმიდან, ეს არის ანალოგია იმისა, რომელიც გადმოტანილია ასოცირების შეთანხმებიდან, რომლის 45% საქართველოს უკვე განხორციელებული აქვს. ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის, არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღების, არამედ კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციისთვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს, იმისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ამ კუთხით ჩვენ მუშაობა არ გაგვიჩერებია და ეს მუშაობა გრძელდება. ამ ფორმატში, როდესაც ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში არ წარმოდგენილი იწყებს საუბარს გარკვეული შანტაჟით და აბსოლუტურად გაუგებარი შეთავაზებით. იმის მაგივრად, რომ გადმოვიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, რადგან ახლა არის დრო იმის, რომ ყველანაირი პარტიული და პირადი ინტერესები გავწიოთ გვერდით. უმთავრესი მიზანი, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობაა, ჩვენი კუთვნილი ადგილი დამკვიდრება ევროპულ ოჯახში, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მსგავსი რადიკალური შანტაჟის შემცველი, უსაფუძვლო განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს და თუკი რაიმე კონკრეტული შეთავაზება აქვთ, წარმოადგინონ წინადადების სახით. პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ასეთ საკითხებზე დებატები უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი არის მრავალპარტიული, შესაბამისად ეს არის ის მოედანი, რომელზედაც ყველა ამ საკითხის განხილვა და შეჯერება უნდა მოხდეს“, - განაცხადა მიქანაძემ.