კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის მხარდაჭერით გამართულ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ გახსნეს.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში იმართება ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი და კომუნიკაციების კომისიის, როგორც პარტნიორი ორგანიზაციის სახელით შესაძლებლობა მაქვს გამოვეხმაურო ამ თემის აქტუალობას ქვეყანაში. ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის გახსნის და რეგიონში მოწინავე პოზიციის დამკვიდრებისთვის ვფიქრობ სატელეკომუნიკაციო სექტორს აქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი - რადგან მოგეხსენებათ, სწორედ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა სერვისებმა. ამასთანავე კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ზედამხედველი ორგანიზაცია თავის უპირველეს ამოცანად სწორედ ტელეკომის ბაზრის გახსნას - ინფრასტრუქტურაზე დაშვებას, ინფრასტრუქტურის გაზიარების ჩარჩოს შექმნას, ასევე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური უპირატესობების რეალიზებას ისახავს. აუცილებელია დარგის ცოდნის და პოტენციალის გაზრდის მიზნით მარეგულირებელ თუ სხვა დარგის მოწინავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა მოხდეს. ამ მიმართულებებს შორის ასევე მნიშვნელოვანია კომისიის როლი ქვეყანაში ციფრული წიგნიერების ხელშეწყობის თვალსაზრისით - რაც ასევე კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“ - განაცხადა გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
ფორუმი 5 დღის განმავლობაში 4 სხვადასხვა თემას დაფარავს - სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც სახელმწიფო სააგენტოები, აკადემია, IT ბიზნესი და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.