ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალი“ ბატონმა ჟოზე მოურინიომ დატოვა. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა „ერთადერთის“ ნაცვლად „პარი სენ ჟერმენის“ იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი მოისურვა.
„პაპა კარლომ“ მადრიდული შემოთავაზება დიდი სიამოვნებით მიიღო, მაგრამ „პსჟ“-ს არაბმა მფლობელებმა ის სამსახურიდან არ გაათავისუფლეს. აზიელებმა პერესის შემოთავაზებულ კომპენსაციაზეც უარი განაცხადეს.
ხელმოცარული ფლორენტინო იუპ ჰეინკესს დაუკავშირდა. გერმანელმა თავდაპირველად თანხმობა კი განაცხადა, მაგრამ მეუღლესთან ოჯახური თათბირის შემდეგ მადრიდში გადასვლა სასტიკად იუარა.
პერესის მომდევნო იმედი ზინედინ ზიდანი გახლდათ. ალჟირული ფესვების მქონე ყოფილი მოთამაშე მადრიდის „რეალს“ დიდი სიამოვნებით ჩაიბარებდა, მაგრამ საქმეში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩაერია. აღმოჩნდა, რომ ზიდანს „უფროსთა“ გუნდის გაწვრთნის უფლება არ ჰქონია. ბოლო ორი წლის განმავლობაში მატერაცის „მსხვერპლი“ სამწვრთნელო სკოლაში სწავლობს. სანამ ამ დაწესებულებას არ დაამთავრებს, მხოლოდ ახალგაზრდათა გაწვრთნის უფლება გააჩნია.
ამასობაში კარლო ანჩელოტიმ „აჯანყება“ მოაწყო და ფრანგული კლუბის უფროსობას გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Telegraph” გაავრცელა ცნობა, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა ბრიტანული „ტოტენჰემის“ უფროსობას დაუკავშირდა და პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრეშ ვილაშ-ბოაშის გაშვების სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა.
კულუარული ცნობით, ბოაში პარიზში მუშაობაზე თანახმაა, ანჩელოტი კი უახლოეს დღეებში მადრიდის „რეალში“ დაინიშნება. რაც შეეხება „ტოტენჰემს“. მისი ახალი დამრიგებლის ვინაობას მალე შევიტყობთ.