ზიდანი „რეალს“ ვერ უხელმძღვანელებს

ზიდანი „რეალს“ ვერ უხელმძღვანელებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ახლო წარსულში პოპულარულ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკება წამოიწყო. ბატონმა ფლორენტინომ ზიდანს „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა.

ჟოზე მოურინიოს ინგლისში გადაბარგების შემდეგ „რეალის“ დამრიგებლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა. თავდაპირველად ეს ადგილი ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის უნდა ჩაებარებინა. „კარლიტოს“ მადრიდში გადასვლა გულით სურდა, მაგრამ კლუბის არაბმა მეპატრონეებმა ის არ გაათავისუფლეს.

შემდეგ დღის წესრიგში მიუნჰენის „ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებელი იუპ ჰეინკესის ჯერი დადგა. ჰეინკესმა ესპანელთა შემოთავაზებაზე ზრდილობიანი უარი განაცხადა.

ფლორენტინო პერესი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სასწრაფოდ ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა. ფრანგმა თანხმობა კი გამოთქვა, მაგრამ გუშინ გაირკვა რომ მას „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავება იურიდიულად არ შეუძლია.

ყოფილმა მოთამაშე ზიდანმა სამწვრთნელო კურსებზე სწავლა ორი წლის წინ დაიწყო. ამჟამად მას მეორე კატეგორიის დიპლომო გააჩნია, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობის უფლებას იძლევა. ამჟამად ფრანგი „რეალის“ იუნიორებს ავარჯიშებს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებს შეუთვალეს, რომ სანამ ზიდანი სრულ სამწვრთნელო კურსებს არ დაასრულებს, „რეალის“ ძირითად შემადგენლობას ახლოსაც ვერ გაეკარება.