ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, თუ ასე გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილის სახელი ისევე იქნება ასოცირებული იშხნის ტაძრის პირვანდელი სახის დაკარგვასთან და გაუბედურებასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილის სახელი ასოცირდება ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახის მოსპობასთან. როცა გავიხსენებთ, პრემიერ-მინისტრობამდე ქველმოქმედების სახით ივანიშვილმა როგორ აღადგინა 500-მდე ტაძარი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, იქვე მოვიყვანთ იშხნის მაგალითს, რომელმაც ივანიშვილის ხელისუფლების უნიათობის გამო პირვანდელი სახე დაკარგა. მაშინ აღარ გაგვახსენდება არც მაია ფანჯიკიძე, არც გურამ ოდიშარია და არც მარინე მიზანდარი - ვიტყვით იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა პატრიარქის წინადადებები და თურქეთის ანაბარა დატოვა იქ არსებული ქართული ტაძრები - მსოფლიო მნიშნელობის კულტურული მემკვიდრეობა.
დღეს იშხანზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებული საგანგაშო ფოტომასალისა და ინფორმაციის მიხედვით, ტაძარზე სამუშაოები ყოველგვარი ნორმებისა და წესების დარღვევით, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რაზეც საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების პოზიცია რბილად, რომ ვთქვათ, არაადეკვატურია - სააკაშვილის ადმინისტრაცია ხელშეკრულების პროექტს კულტურის სამინისტროს არ უბრუნებს, თურქეთის ხელისუფლებას გასაცნობად, რომ გადაუგზავნოს. თავის მხრივ, კულტურის სამინისტრო მედიას სთხოვს სააკაშვილის ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას, ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ახლა მაინც გამოიყენოს ის ბერკეტები, რაც იშხანზე მიმდინარე საგანგაშო სამუშაოებს ამ ეტაპზე გააჩერებს.
კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, უფრო სწორად უმოქმედობა, ჩემი აზრით, კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უთანაბრდება, მაშინ, როცა არსებობს ბერკეტები, რომელთა გამოყენება მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების გადასარჩენად შეიძლება, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად არ იყენებენ.
როცა უსვამ კითხვას, მაგალითად, რატომ არ ხელმძღვანელობთ ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციით? თურქეთი ხომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და თუ ჩვენ გვახსენებენ ამა თუ იმ ვალდებულებას, რატომ არ უნდა მოეთხოვოს თურქეთს ზემოხსენებული კონვენციით ქართული ტაძრების დაცვა, მოვლა? ამაზე კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მარინე მიზანდარს ასეთი პასუხი აქვს:
„და, რას იზამთ, სასამართლოში უჩივლებთ და 5 წელი დაელოდებით?! ამასობაში აღარც ოშკი იქნება და აღარც იშხანი. ძველ თბილისში, ჩვენს ცხვირწინ კლდის უბანი რომ დაინგრა, ჩაბეტონდა და ბულდოზერებით და ტრაქტორებით რომ გადაუარეს ჩვენივე კულტურულ მემკვიდრეობას, დავიცავით?! ჩვენც გვაქვს ვალდებულებები და გავაკეთეთ რამე?! ამიტომ ვამბობ, რომ კეთილი ნება ძალიან მნიშვნელოვანია“.
პრობლემა მხოლოდ მარინა მიზანდარში რომ იყოს, ალბათ, ადვილად მოევლებოდა, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა - არც კულტურის მინისტრი, არც საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები კრინტს არ ძრავენ და თითს არ ანძრევენ იმისთვის, რომ თურქეთის საქართველოში არსებული მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ტაძრები დიპლომატიური არხების, საერთაშორისო მექანიზმების - იუნესკოს, ევროსაბჭოს საშუალებით აღდგეს და არ ვიყოთ დამოკიდებული თურქეთის „კეთილ ნებაზე“.
ცოტაც და კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები გამოგვიცხადებენ - ბათუმში მეჩეთის აშენებას რომ ეწინააღმდეგებით, თურქეთში ქართული ტაძრები მაგის გამო ისპობა, ჩვენ არაფერ შუაში ვართო.
„ისტორიულ ტაო-კლარჯეთში იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები თურქულმა სამშენებლო კომპანიამ, შესაძლოა, აგვისტოს თვეში დაასრულოს“, - ეს ინფორმაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამების მენეჯერ ლევან წიქარიშვილზე დაყრდნობით, რომელიც ამავე სააგენტოს ცნობით, თურქეთში ყოველ კვირა ჩადის და იშხანზე მიმდინარე სამუშაოებს თვალს ადევნებს.
წიქარიშვილი აცხადებს, რომ ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე იშხანზე აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ყველაფერი საკმაოდ უხეშად სრულდება. კვირიდან კვირამდე ტაძარზე განხორციელებული ცვლილებების დაფიქსირება მან მხოლოდ შორიდან შეძლო, რადგან ტაძარი შემოფარგლულია და ეზოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება ტურისტებს არ აქვთ.
მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოების ტემპები იმდენად სწრაფია, რომ გურგენისეული მცირე ეკლესიის ორი კედელი უკვე აშენებულია. წიქარიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისგან იცის, რომ შესაძლოა, სამუშაოები რეკომენდირებული 400 დღის ნაცვლად აგვისტოში დასრულდეს.
„ადგილობრივები აცხადებენ, რომ არქეოლოგი არის ჩართული, მაგრამ ამ სამუშაოებში გეოლოგი არ არის ჩართული. გეოლოგიის ჩართვა აუცილებელია, რადგან დასავლეთის ფასადის კედელი ძალიან გაბზარულია და მის ფუნდამენტს შესწავლა სჭირდება. თავად თურქული სამშენებლო კომპანია აცხადებს, რომ გეოლოგიური შესწავლა არ მომხდარა. ასევე, ჩრდილოეთ მხარეს ამოჰყავთ კედელი და ქვებით მოპირკეთება მიდის. იკარგება ძველი მშენებლობის ერთი ფენა, რომელიც ნატეხი ქვით იყო ამოშენებული და ის უკვე აღარ გამოჩნდება, შეერწყმება ახალ ტაძარს. ნაპოვნი არქეფაქტები ტაძრის ტერიტორიაზეა მიმობნეული, ასევე მოჭიქული კრამიტები და კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, რომელთაც ფაქტობრივად ყურადღება არ ექცევა“, - ამბობს ლევან წიქარიშვილი.
მისივე განცხადებით, იშხნის სამკვეთლო-სადიაკვნოს მხარის კედლები მთლიანად ამოყვანილია, რაც ადრე არ იყო. სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ჯვრის მკლავებზე. ისინი ხარაჩოებშია და ბეტონის სამუშაოებისთვის არის მომზადებული.
წიქარიშვილი აცხადებს, რომ თურქულ სამშენებლო კომპანიას ქრისტიანულ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მისივე თქმით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას გადაუგზავნა რეკომენდაციები, თუმცა ჩანს, რომ საქმე არაკოორდინირებულ მუშაობასთან გვაქვს.
დღეს დილით, პირველი არხის ათსაათიანი გამოშვების ნომერი პირველი სიუჟეტიც იშხანს ეხებოდა - ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა ბუბა კუდავამ ფოტომასალა წარადგინა და იქ შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე მანაც ისაუბრა. იქვე ითქვა ისიც, რომ კულტურის სამინისტრო ოფიციალურ პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებდა.
და რადგან კულტურული მემკვიდრეობის საკითხი მინისტრის პირველ მოადგილეს მარინე მზიანდარს აბარია, მან სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ყველაფერი თურქეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
„კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე იშხანზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება ძალიან რთული იქნება“.
მიზანდარის განმარტებით, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო დათმობაზე მრავალჯერ წამოვიდა და რომ ახლა, ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებამდე თურქეთის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული.
„ჯერჯერობით, საქართველოდან თურქეთის მხარესთან ვერ გავუშვით ხელშეკრულება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს და რომელიც ძალიან დაგვეხმარებოდა ქართველი სპეციალისტების ჩართვაში იშხანსა და ოშკზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესებში. ამდენად, მხოლოდ თურქული მხარის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული. თურქულმა მხარემ ორჯერ უკვე გამოიჩინა კეთილი ნება - ერთხელ დაუშვა ქართველი სპეციალისტების დიდი დელეგაცია. არქეოლოგიური მასალის აღმოჩენის შემდეგ ორი ქართველი არქეოლოგი იყო ადგილზე ჩასული და ასევე, იშხანზე მიმდინარე პროცესში არქეოლოგი ჩართეს. ახლახანს კიდევ დაფიქსირდა ხარვეზები და თურქეთის ელჩი საქართველოში დაგვპირდა, რომ გაგვიწევს შუამდგომლობას, სანამ სამართლებრივი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, სასწრაფოდ დაუშვან ქართველი სპეციალისტები იშხანზე მიმდინარე სარესტავრაციო პროცესის გადასახედად“, - დასძინა მარინა მიზანდარმა.
მისივე თქმით, ქართველ და თურქ ექსპერტებს შორის აქტიური მიმოწერა, მეთოდოლოგიური მუშაობა მიდის, მაგრამ ამას არ აქვს ოფიციალური მხარე და ეს ფაქტი უკან გვწევს.
მიზანდარის განცხადებით, იშხანზე ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგიის დარღვევის საფრთხე არსებობს და მსგავსი მაგალითები საქართველოშიც ყოფილა. მან დაასახელა ბაგრატი, ზემო კრიხი, „ახმედიეს მეჩეთი“ და სხვა ძეგლები, სადაც მსგავსი დარღვევები მოხდა. კულტურის მინისტრის მოადგილემ ითხოვა მედიისგან, უშუამდგომლონ პრეზიდენტთან, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან კულტურის სამინისტრომ პროექტზე პასუხი მიიღოს.
მიზანდარმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტმა უწყებათაშორისი კონსულტაციის პროცესი თურქეთშიც უნდა გაიაროს.
საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების რესტავრაციის პროექტს პრეზიდენტი ხელს არ აწერს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტი რაბათზე ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, რომელიც არა თურქული მხარის, არამედ საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივაა.
თურქეთში ქართველი სპეციალისტები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიშვებიან. თურქეთის მხარე რაბათში არსებულ მეჩეთის გუმბათის ოქროსფერის, ასევე ცხაურების და აბანოს კომპლექსის რეაბილიტაციას ითხოვს“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.