მსახიობებისა და რეჟისორების 8 წყვილი, რომელიც ერთად ალბათ აღარასდროს იმუშავებს

მსახიობებისა და რეჟისორების 8 წყვილი, რომელიც ერთად ალბათ აღარასდროს იმუშავებს

ხელოვანები ადამიანების ურთიერთობა ადვილი სულაც არაა. ზოგჯერ მათ განსხვავებული შემოქმედებითი ხედვა აქვთ, ზოგჯერ კი, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ ეწყობიან. უსიამოვნო თანამშრომლობის შედეგი ეკრანზე ყოველთვის შესამჩნევი არ არის, თუმცა, გადასაღებ მოედანზე მომხდარი უთანხმოება დიდხანს არ იმალება ხოლმე. ასე ვიგებთ იმ რეჟისორებისა და მსახიობების შესახებ, რომლებიც, დიდი ალბათობით, აღარასდროს იმუშავებენ ერთად.

1. ჯულია რობერტსი და სტივენ სპილბერგი

თავისი ნიშნობის გაუქმების შემდეგ ჯულია რობერტსს სტივენ სპილბერგის Hook-ში ტინკერბელის როლის შესრულება მოუწია. ფილმზე მომუშავე ადამიანების თქმით, რობერტსს ხასიათი მუდმივად ეცვლებოდა, გადასაღებ მოედანზე თავის ტრეილერში საათობით იკეტებოდა და როცა სპილბერგს იგი სჭირდებოდა, ყოველთვის იგვიანებდა ხოლმე. ცხადია, რეჟისორს გარემოებები ესმოდა, თუმცა, ამ თანამშრომლობამ მას და მსახიობს შორის მაინც წარმოშვა უთანხმოება.

2. ფეი დანაუეი და რომან პოლანსკი

Chinatown-ის გადასაღებ მოედანზე ყოფნა დანაუეისთვის სასიამოვნო მოგონებებს არ უკავშირდება. მსახიობის თქმით, პოლანსკი მის მიმართ მიზოგინიურ დამოკიდებულებებს ავლენდა და შესვენებების გამო ჩხუბიც კი უხდებოდათ. მაგალითად, ერთ-ერთი სცენის გადაღებისას პოლანსკიმ დანაუეის საპირფარეშოში გასვლის უფლებაც არ მისცა. გავრცელებული ცნობით, ამის შემდეგ მსახიობმა შარდით სავსე ჭიქა სახეში შეასხა, რასაც რეჟისორმა სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა.

3. ბიორკი და ლარს ფონ ტრიერი

ბიორკისა და დანიელი რეჟისორის თანამშრომლობა თავიდანვე დაძაბული იყო. ფონ ტრიერის დანახვისას ბიორკმა ერთხელ ძირს დააპურჭყა კიდეც. მომღერალი და მსახიობი გადასაღებ მოედანზე აგვიანებდა და მისვლისას რეჟისორს საერთოდ აიგნორებდა ხოლმე. ვერც მათი საუბარი შედგა — როცა ეს დააპირეს, ფონ ტრიერმა სკამი აიღო და ბიორკის გვერდით მდგარი დიდი მონიტორი დალეწა.

4. რობერტ დაუნი უმცროსი და დევიდ ფინჩერი

ფინჩერს კინოინდუსტრიაში მუშაობის მკაცრი რეჟიმის დაცვით იცნობენ. Zodiac-ის გადაღებების დასრულების შემდეგ რეჟისორი იხსენებდა, რომ რობერტ დაუნი უმცროსი მუდმივად აპროტესტებდა რეჟიმს და ამბობდა, ასე მუშაობა არ შეეძლო. პროტესტის ნიშნად, მსახიობმა შარდით სავსე ქილებიც დატოვა გადასაღებ მოედანზე.

5. ჯორჯ კლუნი და დევიდ ო. რასელი

კლუნიმ რეჟისორის აგრესიული ქცევა Three Kings-ის გადასაღებ მოედანზე შენიშნა. როცა მსახიობმა დაინახა, როგორ უყვიროდა რასელი გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისგან თავი შორს დაეჭირა.

6. ემი ადამსი და დევიდ ო. რასელი

რასელს ვერც ემი ადამსი შეეწყო. American Hustle-ის გადაღებებისას რეჟისორმა მსახიობი ტირილამდეც კი მიიყვანა. ადამსმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ "გადასაღებ მოედანზე განადგურებული იყო".

7. კირა ნაიტლი და ჯონ კარნი

რეჟისორი Begin Again-ის გადაღებისას ნაიტლისთან თანამშრომლობით დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა. კარნიმ მოგვიანებით თქვა, რომ "სუპერმოდელებთან" აღარასდროს ითანამშრომლებდა.

8. გალ გადოთი და ჯოს უიდონი

ამ შემთხვევაში თანამშრომლობით უკმაყოფილო მსახიობი დარჩა. გადოთმა გაიხსენა შემთხვევა, როცა უიდონი გადაღებებისას მას დაემუქრა. მსახიობის თქმით, გაოცებული დარჩა იმ სიტყვებით, რაც რეჟისორმა მას უთხრა — "თუ ეს მე მითხრა, ცხადია, ბევრ სხვა ადამიანსაც ეუბნება".