დეცენტრალიზაციის შედეგი

დეცენტრალიზაციის შედეგი

საქართველოს პარლამენტის წევრები თვიურ ანაზღაურებას, რომელიც 2885 ლარიდან 4450 ლარამდე მერყეობს, დაახლოებით, 10 დღიანი საპარლამენტო საქმიანობის სანაცვლოდ იღებენ. კერძოდ, დეპუტატები ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს 347 194 772 ლარიან შენობაში, სადაც ხშირად, სტიქიურ მოვლენებს ებრძვიან, თვეში, მაქსიმუმ, 10 დღეს ატარებენ. ერთის მხრივ, მათ ამის საშუალებას რეგლამენტი აძლევთ, რომლის მიხედვითაც, ერთი კვირა პლენარულ სხდომებს ეთმობა, ხოლო მეორე კვირა არასასესიო პერიოდია, თუმცა, კანონმდებლები სრული დატვირთვით არც სასესიო პერიოდში მუშაობენ და საკომიტეტო მოსმენების დროს, ხშირად, კვორუმის პრობლემაა, რის გამოც, აპარატის ხელმძღვანელებს ერთი საკომიტეტო დარბაზიდან, მეორესა და მესამეში სირბილი უწევთ, რომ კვორუმი შეივსოს, სხდომა დაიწყოს, ან საკითხებს კენჭი უყარონ.

მართალია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გულზე მჯიღს იცემენ, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თბილისში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ფაქტია, რომ კანონმდებლები თბილისში დაბრუნებას არ ჩქარობენ და მათ ის საკონსტიტუციო ცვლილებებიც თაროზე შემოდეს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი ამოდის. ცვლილებების ინიცირებისას, მმართველი ძალა ინიციატივის განხილვასა და მიღებას საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აანონსებდა, თუმცა, სესია 28 ივნისს იხურება და ამ თემაზე, უმრავლესობის ლიდერები განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. ზოგი ამბობს, რომ ცვლილებების მიღებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ გროვდება, ზოგი აცხადებს, რომ ცვლილებებს რიგგარეშე სხდომების ფორმატში მიიღებენ, ზოგნი კი, პარლამენტის თბილისში დაბრუნებას 2014 წლის თებერვლამდე გამორიცხავენ და ამის მიზეზად, რუსთაველის გამზირზე, მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შენობის რეკონსტრუქციის პროცესს ასახელებენ.

მართალია, თავად შენობის რეკონსტრუქცია ივლისის ბოლოს დასრულდება, თუმცა, პრობლემას ოთხი დარბაზი წარმოადგენს, რომელთა გასარემონტებლად 5 მლნ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ჩავარდა და for.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად, საუბარია იმაზე, რომ პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშე, სარემონტო სამუშაოები კომპანია „ელიტა ბურჯიმ“ აწარმოოს.

პარლამენტი როდის დაბრუნდება თბილისში, ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, მაგრამ დღითიდღე ისიც ნათელი ხდება, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული დეცენტრალიზაციით ქუთაისს არაფერი ეშველა და პირიქით, ცხოვრება იმ 700 ადამიანსაც უარესობისკენ შეეცვალა, რომლებიც ორშაბათსა და პარასკევს ჩემოდნებით, ქუთაისი-თბილისის გზას ადგანან. საბედნიეროდ, ზოგ მათგანს უმართლებს და პარლამენტამდე მშვიდობიანად ჩადის, ზოგს კი, ავტომიბილმა უმტყუნა და ოპერაციაც გადაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გზის გარდა, აპარატის თანამშრომლებისთვის პრობლემას, გამჭირვალე შენობაც წარმოადგენს, სადაც ჟანგბადის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით ნაკლებია, ხოლო ნახშირორჟანგის შემცველობა - მეტი. ამასთან, შენობაში ხმაურის დონეების მნიშვნელოვანი გადაჭარბება ფიქსირდება. რაც შეეხება ტემპერატურას, მზიან ამინდში, როდესაც ქუთაისში 28 გრადუსია, შენობის დერეფნებში ეს მაჩვენებელი 54 გრადუსს აღწევს. წვიამიან ამინდში კი, უწყებას მთასვლელებიც ვერ შველიან, რომელთა ცხრათვიანი შრომის მიუხედავად, შენობაში წვიმა ისევ ჩადის და გუბეებს აყენებს.

ამას გარდა, საკანონმდებლო ორგანოში, კაბინეტებისა და დერეფნების ჭერში დამონტაჟებული სახანძრო მილების დაზიანება უკვე ტრადიციად იქცა, რადგან თვე არ გავა, რომ მილი არ გასკდეს და შედეგად ჭერი არ ჩამოვარდეს. ასე მოხდა ორი დღის წინ, ღამითაც, როდესაც, ნულ სართულზე ჭერი ჩამოვარდა და დაახლოებით 10 მეტრიანი დერეფანი წყლით დაიფარა. გარდა ამისა, შენობაში სხვდასხვა სახის მწერები ბუდობენ, მათ შორის კალიები.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ვითარება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ვითარებას კიდევ უფრო ის ამწვავებს, რომ პარლამენტის შენობის დამკვეთები შეკითხვებს კონკრეტულ პასუხს არ სცემენ და მათ პასუხისმგებლობას არც ხელისუფლება აკისრებთ. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმის უფლება მანამდე გვექნება, სანამ ბიურო გადაწყვეტილებას არ მიიღებს - თუ რა რეაგირება უნდა მოჰყვეს აუდიტის სამსახურის მიერ დადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მშენებლობისთვის მთავრობის განკარგულებების თანახმად, გაწეულმა ხარჯმა 73 757 930 ლარი შეადგინა. შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 209 720 ლარი გამოეყო, ხოლო „ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან“ 15 000 000 აშშ დოლარის სესხი იქნა აღებული და კორპორაციამ აღნიშნული სესხი 2012 წლი 16 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250 00 000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებით მოზიდული სახსრებიდან გასცა.

როგორც for.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძე განუცხადა, აუდიტის სამსახურის მიერ დადებული დასკვნა ბიუროზე გავა, სადაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რაც შეეხება ჭერის ნგრევას, ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან ასეთი რამ ადრეც მოხდა და სამწუხაროდ, შესაძლოა, ეს ისევ მოხდეს. იცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნას არ დებს, რის გამოც, იგულისხმება, რომ შენობა არამდგრადია“, - აცხადებს ტყემალაძე.

პარლამენტის შენობის მშენებლობაზე საუბრისას, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ყურადღებას მშენებლობის პროცესში, ყოფილი ჩინოვნიკების მიერ კონტროლირებადი კერძო კომპანიების მონაწილეობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მშენებლობის ნაწილს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის კუთვნილი კომპანია „მაგი სტილი“ აწარმოებდა.

„მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მშენებლებსა და დამპროექტებლებს ეკისრებათ. პარლამენტის შენობის ძირითადი ნაწილი ჩიქოვანის კომპანიამ ააშენა, რომელიც ხაზინის ქურდია და ახლა, ცხრა მთას იქით არის გადახვეწილი. მისი კომპანია პირდაპირ კავშირში იყო ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და სააკაშვილთან. სწორედ მათთან პირდაპირი თანხმობით იგებდნენ ტენდერებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, როცა საკუთარ კაბინეტში ვესტუმრე, მან უამრავი ნახაზი მაჩვენა, რომელიც ადეიშვილის მოსასვენებელ ოთახებში ინახებოდა. კერძოდ, ამ ნახაზებში ნახავთ როგორც ბათუმის პიაცას, ასევე თბილისის „მშვიდობის ხიდს“. წულუკიანს თანამშრომლებისგან გაუგია, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი ადეიშვილის კაბინეტში განიხილებოდა. თურმე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი მშენებლებს ეძახდა და პროექტებს ადგენდა. წარმოგიდგენიათ, როგორ ავადმყოფურ რეალობაში გვიწევდა ცხოვრება?! მაინტერესებს, ადეიშვილი დიზაინერი იყო თუ არქიტექტორი?! ჰიტლერს უნიჭიერესი არქიტექტორი შპეერი ჰყავდა, რომელიც მშენებლობებს გეგმავდა და ასე იყო ადეიშვილიც?! ის იყო 21-ე საუკუნის ბერია, რომელიც ტოტალურ კონტროლს აწარმოებდა. ვფიქრობ, რომ ამ შენობის ფინანსებიდან სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის ჯიბეში დაახლოებით 50 მლნ ლარია წასული. ახლა კი, პარლამენტი სურამის ციხედ გადაიქცა და ვინ იქნება ზურაბი - სააკაშვილი თუ ბობოხიძე, ეს ერთმანეთში გადაწყვიტონ“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

პარლამენტის შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, უმცირესობა ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლება და ხელისუფლებას ურჩევს გამჭირვალე შენობას მოუაროს.

ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, პარლამენტი ცხრა თვეა, რაც ქუთაისშია და შენობაში მნიშვნელოვანი პრობლემა არ შექმნილა.

„ის ხარვეზები, რომლებიც არის ჩვეულებრივი მოვლენაა და შენობას მოვლა-პატრონობა სჭირდება. რაღაც შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მაგრამ მთავარია იდეა, რომ ქუთაისში პარლამენტი ფუნქციონირებდეს. ეს სახელმწიფოებრივი ხაზია და შენობაში ისეთი არსებითი პრობლემა არ შექმნილა, რომ მუშაობა შეუძლებელი ყოფილიყო“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა, რომლის პათოსსაც გიგი წერეთელიც იზიარებს და ამბობს, რომ პროექტი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ წინა ხელისუფლების ხედვა იყო, რომ ქუთაისში პარლამენტი გადასულიყო და ამაზე რეგიონალური განვითარება იყო მიბმული.

„ამასთან ერთად მიბმული იყო სწრაფი რკინგზის პროექტი, ახალი ტრასა და საერთაშორისო ფრენები. ახლა რაღაცეები არ კეთდება და შეიძლება ამას ვიღაცამ სხვანაირად შეხედოს. მსოფლიოში არ არის შენობა, სადაც რაიმე არ ჩამოვარდეს. ქუთაისში პარლამენტის საერთო სტრატეგიაში ჩასმას მხარს ვუჭერდი, მაგრამ, ალბათ, ამ ყველაფერს ახლა გავაანალიზებთ“, - განუცხადა for.ge-ს წერეთელმა.

საგულისხმოა ერთი დეტალი. კერძოდ, პარლამენტის მშენებლობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმაზე აპელირებდნენ, რომ პარლამენტის ახალი შენობა ენერგოეფექტური იქნებოდა და ხარჯებს დაზოგავდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პარლამენტი თვეში, დაახლოებით 200 ათასი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარს. ელექტროენერგიის მრიცხველთან დაკავშირებით კი, ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ პარლამენტისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელ მრიცხველსა და საკანონმდებლო ორგანოში არსებულ მრიცხველს შორის გამოყენებული კილოვატები სხვადასხვა მაჩვენებელში ფიქსირდებოდა, რისი საშუალებითაც თვეში დაახლოებით 20 ათასი ლარის უკანონოდ მითვისება მოხდებოდა.

პარლამენტის ქუთაისში გადატანას მხოლოდ ორი დადებითი ფაქტორი აქვს. ერთი ის, რომ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა ბინების გაქირავება შეძლეს. კერძოდ, ქუთაისში პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა მხოლოდ ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად - 4 მილიონ 573 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. ხოლო მეორე პოზიტივი ის არის, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აუზში ქუთაისელ ბავშვებს წყალი ჩაუსხეს, სადაც მზიან ამინდებში ერთობიან.