საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შიდა ქართლში ჩავიდა და ავღანეთში დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურის ბორის ცუგოშვილის, ზურაბ გურგენაშვილის და გიორგი ადამოვის ოჯახებს მიუსამძიმრა. მინისტრის განცხადებით, ეს არის აუნაზღაურებელი ტკივილი.
ირაკლი ალასანიამ რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან საკითხზეც გააკეთა კომენტარი. თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია აფხაზური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული საზღვრის პერიმეტრზე ე.წ. სასაზღვრო ტრანშეების გათხრასთან დაკავშირებით.
"მთავარია, რომ ჩვენ არ ავყვეთ არანაირი ტიპის პროვოკაციას. ქართული ჯარი სრულ მზადყოფნაშია და სცენარის ნებისმიერი ფორმით განვითარებისთვის მზად ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე", - აღნიშნა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ მიწაყრილების გათხრა მიმდინარეობს საოკუპაციო პერიმეტრზე. გარდა ამისა, ირაკლი ალასანიამ კვლავ გააკეთა განცხადება სამხედრო-საჯარისო დანაყოფების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, როგორც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, ასევე გენერალური ინსპექციის მხრიდან გამოძიების დასრულების შემდეგ თუ გამოიკვეთება გარკვეული პირების ბრალეულობა, ისინი უმკაცრესად იქნებიან დასჯილები.
რაც შეეხება ავღანეთში ჰელმანდის პროვინციის წინა ხაზზე ქართული დანაყოფების დისლოცირებას და ორი ბაზის გაუქმებას, ალასანიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამერიკის გენერალიტეტთან ერთად მოხდა გარკვეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს საჯარისო დანაყოფების უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით მიმდინარეობს დისლოკაციის ადგილების შეცვლა, რის საფუძველზეც, ორი მცირე ზომის ბაზის გაუქმებაც მოხდა.