თბილისის თემა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს განსაკურებულ ადგილს იკავებს ქართულ მუსიკაში. შეიქმნა არაერთი ბრწყინვალე ნაწარმოები, რომელთაც იმთავითვე მოიპოვეს ხალხის აღიარება და სიყვარული. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გიორგი ცაბაძის შემოქმედება, რომელიც ორიგინალურად აცოცხლებდა ძველი თბილისის სურათებს. გამორჩეულ სასიმღერო ქმნილებებს მუსკომედიის თეატრში დადგმული ოპერეტა ”კურკას ქორწილი” მოჰყვა.
მაშინვე იგრძნობოდა, რომ ის ულევი მასალა, რაც თბილისური თემატიკიდან მოდიოდა, ქართულ კინოშიც უნდა დამკვიდრებულიყო ახალი ფორმით. ახალი ფორმა კი იმდროისათვის ჩვენთან ჯერ კიდევ აუთვისებელი ჟანრი - მიუზიკლი გახლდათ.
ქართული მიუზიკლის შექმნის პირველივე მცდელობა წარატებით დასრულდა. გიორგი ცაბაძის ”ვერის უბრის მელოდიები” მსოფლიოში აღიარებულ მიუზიკლებს გაუტოლდა.
აი, როგორ იხსენებს კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იმ პერიპეტიებს, რომელიც ამ უკვდავი მიუზიკლის შემქნის შიდა სამზარეულოს ასახავს:
”ფიროსმანიდან” ”ვერისუბნამდე”
”ვერის უბნის მელოდიების” გადაღების იდეა შემთხვევით მოვიდა. ჩემი უმცროსი შვილი სანდრო ბავშვობაში საკმაოდ მუსიკალური იყო და აინტერესებდა ასეთი სტილის ფილმები. დამყავდა კინოთეატრებში, ვუყურებდით ერთად ამერიკულ ცნობილ მიუზიკლებს. განსაკუთრებით მოსწონდა ”ჩემი მშვენიერი ლედი”. ერთხელ ნახევრად ხუმრობით მითხრა - რაღაც კინოებს რომ იღებ, არ შეგიძლია ასეთი ფილმი გააკეთოო. მეც დავფიქრდი, მართლაც ღირდა მეცადა ჩემი თავი ახალ ამპლუში.
კინო ისეთი ხელოვნებაა, სადაც მაყურებელი წყვეტს ყველაფერს.
მანამდე გადაღებული მქონდა ”ფიროსმანი”, ”ალავერდობა”. რა დასამალია და მაყურებელი არ უყურებდა არც ”ალავერდობას” და არც ”ფიროსმანს”. ეს იყო სერიოზული თემატიკა და მას ამიტომაც არ ჰყავდა მაყურებული. შესაბამისად არ იყო ანაზღაურებაც. მაგალითად ”ალავერდობა” საერთოდ არ გაუშვეს არსად. რუსეთის ეკრანი იყო მაშინ მთავარი ჰონორარის შემოტანის თვალსაზრისით, ”ფიროსმანი” იყო თაროზე შემოდებული სამი წელი, რაღაც კლუბებში აჩვენებდნენ. მერე როცა აღიარება მოიპოვა ინგლისსა და ამერიკაში, ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში, ავსტრალიის ჩათვლით, გაუშვეს ეს ფილმი. აქაც აუნთეს მწვანე შუქი, მაგრამ დარბაზი მაინც ცარიელი იყო. ამას მოველოდი წინასწარ, რადგანაც ეს იყო სანახაობა მომზადებული ხალხისთვის, ინტელექტუალებისთვის.
”ფიროსმანი” რომ დავამთავრე, ფარაჯანოვი იღებდა`“საიათნოვას”. სწორედ მაშინ მოვიდა სერგო ჩემთან და მითხრა - ჩემი ფილმი ათი მაყურებლისთვისაა, შენი ფილმი კი ერთისთვისო.
საერთოდ კინოს მაყურებელი სპეციფიურია, ესენი არიან უმთავრესად თინეიჯერები, ახალგაზრდები, ანდა ქუჩიდან შემთხვევით შემოსულნი - შეყვარებულები. სოლიდური ხალხი, მით უმეტეს რაც ტელევიზია დამკვიდრდა, კინოში არ დადის. ამ ფონზე ბუნებრივია ჩემს წინაშე იყო ამოცანა, რომ ოჯახი უნდა მერჩინა. გავაკეთე რამდენიმე ასეთი ”ჟანრში მოქცეული ფილმი”, სადაც ვითვალისწინებდი მაყურებლის შეკვეთას. ამ ჟანრის ფილმებს ჩემს შემოქმედებაში ვეძახი დემოკრატიულ ფილმებს. ამ ტერმინს პოლიტიკური მნიშვნელობით არ ვხმარობ, ეს იყო ფილმები ხალხისთვის.
ასე რომ, უნდა მეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც ოჯახის შენახვის საშუალებასაც მომცემდა. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ამას დაქვეითებული, მდორე გემოვნებით გავაკეთებდი. ასეთი ფილმების არსებობის პრეცედენტები იყო. მიუზიკლები, ვესტერნები სწორედ ასეთი ფილმების რანგს მიეკუთვნებოდა. ვხედავდი, რომ შეიძლებოდა ერთი მხრივ გემოვნებიანი ფილმიც გადამეღო და ამასთანავე სანახაობრივი თვალსაზრისით საინტერესო ყოფილიყო. სწორედ ამიტომაც დავიწყე სიუჟეტის ძებნა.”
როგორ მოერგო თბილისურ გარემოს გაუფტმანის პიესა
”ძალიან ძნელად კეთდება მიუზიკლი თანამედროვე თემაზე. თავისთავად მიუზიკლში ჩადებულია ზღაპრის სტრუქტურა, გაიხსენეთ ”ჩემი მშვენიერი ლედი”. ესაა ფაქტობრივად კონკია, რომელიც მოიყვანეს მაღალ საზოგადოებაში და დაიმკვიდრა თავი ამ გარემოში. ესაა ოცნება დაბალი სოციალური წარმოშობის ადამიანებისთვის, რომ დაიმკვიდრონ ადგილი მაღალ საზოგადოებაში და ასე შეცვალონ თავიანთი სოციალური ყოფა.
სიუჟეტს ვეძებდით მე და ჩემი მეგობარი, პოეტი ანზორ სალუქვაძე, იმთავითვე გადავწყვიტეთ, რომ სიუჟეტი უნდა განვითარდეს კოსტუმირებულ გარემოში. არ არის საინტერესო მიუზიკლი თანამედროვე კოსტიუმებში, ბერსტაინმა გააკეთა კოსტუმების გარეშე ძალიან კარგი მიუზიკლი, თუმცა, ვერ მიდიოდა ახლოს კოსტიუმირებულ მიუზიკლებთან.
ხალხი კინოში ილუზიებისათვის მიდის. ამ ილუზიებს გაუცნობიერებელი გარემო, კოსტიუმირებული გარემო უფრო ქმნის, ვიდრე არაკოსტიუმირებული გარემო. ამ ილუზიას ადარებს თავის ცხოვრებას მაყურებელი.
სწორედ ამიტომ დავიწყეთ ძველი თბილისის თეატრალური დრამატურგიის შესწავლა. აქ ”ხანუმაც” შედიოდა, რომელიც ამ დროისთვის დადგმული ჰქონდა რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სცენაზე. მივაგენით რამდენიმე პიესას, მათ შორის კოტე მესხის პიესას, რომელზეც შეიქმნა ”ვერის უბნის მელოდიები”.
სიღრმეებში რომ ჩავეძიეთ, გაირკვა რომ ჩვენს მიერ შერჩეული არცერთი პიესა ორიგინალური არ იყო. ქართული თეატრალური ცხოვრება რომ იწყებოდა მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, მაშინ ევროპა საკმაოდ იყო შემოსული საქართველოში.
აქ იყვნენ იტალიელები, გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები. სწორედ მათგან მოდიოდა ის დრამატურგიაც. ”ხანუმა” ცნობილი ავსტრიული ვოდევილია, რომელსაც ჰქვია ”მაჭანკალი”. კოტე მესხის პიესას ”მელანიას ოინები” ერქვა, ეს პრაქტიკულად იყო გაუფტმანის გადაკეთებული პიესა, რომლის თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ ”თახვის ქურქი”. სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა რომ არის ”სამშობლო”, არც ის არის ორიგინალური - გადაკეთებულია ფრანგული პიესიდან.
ერთი სიტყვით, სერიოზულად მუშაობდნენ ავტორები რომ მოერგოთ ეს თემატიკა ქართული გარემოსათვის. ჩვენც ამ გზას დავადექით.”
რატომ გაითავისა ადვილად სოფიკო ჭიაურელმა ვარდოს როლი
”შერჩეული პიესებიდან ”თახვის ქურქი” უფრო მაწყობდა, რამდენადაც ვხედავდი ჩემი ცოლის სოფიკოს როლს. ამ მხრივ ყოველთვის მქონდა პრობლემა. მინდოდა რომ ჩემი ცოლი მეთამაშებინა ჩემს კინოში. ეს ხან ხერხდებოდა, ხან არა. სოფიკო დიდი მსახიობი იყო და არავინ არ დამძრახავდა თუკი მას მივცემდი როლს.
ამ პიესაში არის მრეცხავი ქალი, ეს ჩვენ დავუმატეთ, სოფიკო წარმოშობით იყო მაგ წრიდან, მიხეილ ჭიაურელის მამა ედიშერა მემწვანილე იყო, სოფიკოს ეს მოსდევდა... საკმაოდ კარგად გაითავისა როლი. ბევრი მეუბნება, რომ სოფიკოს მიერ შესრულებული ვარდო მის კარიერაში საუკეთესო როლია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ორგანულად იყო სოფიკო მაგ გარემოში ჩართული. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რეცხვა უყვარდა. ეს მომენტიც გამოვიყენე. ამ რეალობების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ მე და ანზორმა სცენარი.”
ექსპრომტად შექმნილი უკვდავი მელოდიები
“ამის მერე დავიწყე ფიქრი ვინ უნდა ყოფილიყო კომპოზიტორი. გულახდილად გითხრათ, ბევრიც არ მიფიქრია. ვიცოდი რომ ძველი თბილისის ფაქტურა კომპოზიტორებიდან გოგი ცაბაძეს ჰქონდა გაცნობიერებული. ჩემს ჯიგარზე ყველაზე ძალიან გოგი ცაბაძის სიმღეები მოქმედებდა.
ბევრი წერდა თბილისურ მელოდიებს, თუმცა, მათგან გოგი გამორჩეული იყო თავისი მელოდიურობით, თავისი სახალხოობით. წარმატებული მიუზიკლისათვის კი აუცილებელი უნდა ყოფილიყო ბევრი კარგი სიმღერა. ამ მხრივ ვგრძნობდი, გოგის ბადალი არავინ ეყოლებოდა. მისი სამყარო იყო ეს ყველაფერი. ამ სამყაროს ასახავდა მისი სიმღერები ”მეფაეტონე”, ”ვაი ვეღარ ვხედავ მზეს”… საკმაოდ პოპულარული იყო გოგის ”კურკას ქორწილი”...
ასე რომ, არავინ ყოფილა გოგის ალტერნატივა. დაუფიქრებლად მივედი მასთან, წავაკითხე სცენარი... თავიდანვე სიხარულით შეხვდა ამ იდეას. მუშაობა დავიწყეთ და მალე ვიგრძენი, რომ კომფორტული გარემო შემიქმნა გოგიმ. თავიდანვე მოითხოვა, რომ მორის ფოცხიშვილი ყოფილიყო სიმღერების ტექსტის ავტორი. შეჩვეული იყო მასთან მუშაობას.
გვინდოდა, რომ თემატიკა ხალხურ რეალობასთან დაგვეახლოვებინა, ამდენად რამდენიმე სიმღერის თემად ხალხური ტექსტი შევარჩიეთ. პავლე რომ მღერის დუქანში სიმღერას, ფილმის ბოლოს ქრისტეშობაზე რომ არის სიმღერა, ეს არ არის მორისის, ეს ხალხური ტექსტია. ასეთი ტექსტები ბევრი მოვიძიეთ იოსებ გრიშაშვილის მუზეუმის დახმარებით. იოსებს საკმაოდ ბევრი ასეთი ტექსტი ჰქონდა შეგროვილი.
ფილმი საკმაოდ მალე გავაკეთეთ. საკმაოდ მალე დაიწერა სიმღერებიც. გოგი ძალიან ადვილად და ლაღად წერდა. ყველაფერს ემოციურად უდგებოდა, ემოციურად დამუხტული რომ დაჯდებოდა როიალთან, უცებ ქმნიდა დაუვიწყარ ჰანგებს. რამდენიმე სიმღერა ჩემი თანდასწრებითაც დაწერა. ყველაფერი კი იქიდან მოდიოდა, რომ გოგი თავისი ცნობიერებით, თავისი ხასიათით, აზროვნების სტილით თბილისური გარემოს ორგანული ნაწილი იყო, მისი ნიჭიერება ამ ყველაფრის საუკეთესო ფორმებით გამომზეურების საშუალებას იძლეოდა. ”ვერიც უბნის მელოდიებში” მთელი სიცხადით აისახა ეს რეალობა.
გოგი მარტო კლავის წერდა და ორკესტრირებას არ აკეთებდა. ამ მასალას საკმაოდ სპეციფიური ორკესტრირება უნდოდა, გოგისთან შეთანხმებით გაორკესტებისათვის ავიყვანე რუსთაველის თეატრის კაპელმეისტერი ედუარდ ისრაელოვი, რომლის ნამუშევარიც მართლაც საუკეთესოა.”
ვინ გააცოცხლებს განახლებულ ”ვერის უბანს”
“უნდა ითქვას რომ ფილმი გოგის საკმაოდ მოსწონდა, უნდოდა კიდეც რომ სადმე დადგმულიყო. კარგა ხანს არ ასვენებდა ეს იდეა, მერე მივედით იმ დასკვნამდე, რომ შეიძლებოდა სცენაზე გამოტანით მიუზიკლი არ ყოფილიყო იმ დონის, რა დონის ფილმიც გამოვიდა.
ამასწინათ დამირეკეს და მითხრეს - გვინდა ”ვერის უბნის მელოდიების” დადგმაო. შემომთავაზეს თქვენ ხომ არ გააკეთებთო. მე კატეგორიული უარი განვუცხადე. მე სხვა ტიპის ხელოვნებაში ვმუშაობ და ქუჩის აქციების მონაწილედ ვერ გავხდი ჩემს ქმნილებას, იმიტომ რომ დაქვეითდება ის დონე, რაც მაყურებელს ხიბლავს.
მე მივეცი უფლება დაედგათ, ჩემთვის სასარგებლოა ხშირად გაჟღერდეს ჩემი მიუზიკლი. კი ვუთხარი, ისეთი მსახიობები რომ არ გყავთ, ვინც ”ვერის უბნის მელოდიებში” თამაშობს, რას ფიქრობთ-მეთქი. სოფიკო თამაშობდა, უდიდესი მსახიობი, ამ ფილმში და ვინ უნდა გაიმეოროს მისი როლი-მეთქი? ვერაფერი მიპასუხეს...
ამერიკაშიც მიღებულია - როცა ფილმი გავა ეკრანზე სცენაზეც გადააქვთ, მაგრამ აქ შესაბამისი დონის მსახიობებს აყენებენ. მისი ფუფუნება კი დღევანდელ ქართულ თეატრს არა აქვს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეხლა ისეთი დრო მოვიდა, ხალხი ვერ არჩევს კარგსა და ცუდს, კარგია რომ გინდა ეს თემა კიდევ ერთხელ ნახოს ხალხმა, მაგრამ ზღვარი აქვს ყველაფერს. თუ ეს ძალიან დაბალ დონეზეა, ამ დროს დათვურ სამსახურს უწევს ჩემი, გოგი ცაბაძის, მორის ფოცხიშვილისა და ანზორ სალუქვაძის წამოწყებას.”
P.S. “ვერის უბანის მელოდიებმა“ ახლი სიცოცხლე დაიწყო, სიცოცხლე ოცდამეერთე საუკუნეში. ვერ გეტყვით, რამდენად პოპულარული გახდება სცენაზე გადატანილი ორიგინალს დაშორებული უბერებელი და უკვდავი მიუზიკლი, თუმცა, ის კი ვიცი, რომ როცა ისეთი კლასიკოსის შემოქმედებით ეწევა პროპაგანდა მარადიულ და გაუხუნარ ფასეულობებს, როგორიც გიორგი ცაბაძეა, სანთელ-საკმეველი გზას არ დაჰკარგავს...