6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტმა 7 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. 7 ივნისს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
იმავე 7 ივნისის ღამეს "ჯეი-თი-აი კავკაზუსმა" - Japan Tobacco International-ის საქართველოს წარმომადგენლობამ თბილისში, მთაწმინდის პარკში გრანდიოზული ე. წ. ივენთი მოაწყო უცხოელი დიჯეებითა და ხმაურიანი კონცერტით: 7 ივნისი. ფრიდომ მიუზიქ ფესტივალი. მთაწმინდის პარკი (წითელი ქვიშა) დასაწყისი: 22:00 ლაინ აფი: 23:00 ლუიზა; 00:45 გესაფელშტეინი და ბროდინსკი; 03:30 გრინბიმი და ლეონი!
7 ივნისის საღამოს პროგრამას ინტერნეტში მივაკვლიე, ხოლო Freedom Music Georgia-ს "ფეისბუქის" გვერდზე აფიშასთან ერთად განცხადებასაც წავაწყდი, სადაც გვერდის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო, მაგრამ "რადგანაც ეს ღონისძიება თებერვალში იყო უკვე დაგეგმილი, დღეს განრიგის მიხედვით განხორციელდება. გელოდებით ყველას 10 საათზეო". და წარმოიდგინეთ, რომ ასობით ახალგაზრდამ გაუმართლა იმედები ორგანიზატორებს. ამ განცხადების ქვეშ ერთადერთი ახალგაზრდის კომენტარი ამოვიკითხე: ისე, გლოვის დღეა დღეს და არ დაგავიწყდეთო...
"ჯეი-თი-აი კავკაზუსს" ტელეფონით დავუკავშირდი, ოპერატორმა ქეთიმ ვინმე თიკო ჯანაშვილს (სამწუხაროდ, ოპერატორმა მისი სტატუსი გაასაიდუმლოვა) დამაკავშირა. ამ ღონისძიებაზე კომენტარი რომ ვთხოვე, ქალბატონმა თიკომ, - "ვინსტონის" ივენთზე აჯობებს კომენტარი ჩვენი დეპარტამენტის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გააკეთოსო. მერე ჩემი ტელეფონის ნომერი გამომართვა, დაგირეკავთო და... დაიკარგა. მთელ დღეს ვეძებე ქალბატონი თიკო და ბატონი ნიკო. ოფისში ან სულ არ მპასუხობდნენ, ან მპასუხობდნენ მოკლედ - შესვენებაზე გავიდნენო, თუმცა აქამდე არსად მსმენია, სამუშაო დღეს ორგანიზაციაში მთელი დღით ისვენებდნენ. დალოცვილებს გლოვის დღეს არ დაუსვენიათ და სამუშაო კვირის დასაწყისში დაიღალნენ?!
არადა, ერთი უწყინარი შეკითხვის დასმა მინდოდა: გლოვის დღის გამო კონცერტის გადადება გაგაკოტრებდათ-მეთქი?
ბევრჯერ მსმენია, საქართველოში 500 და 700-კაციანი ქორწილები გადაუდიათ ბოლო მომენტში, ოჯახის ახლობელს ან მეზობელს უბედურება რომ დაატყდებოდა თავს; ისიც კარგად მახსოვს (ახლაც ასეა), მეზობლად რომ მიცვალებულია, არათუ დაბადების დღის მოლხენას გადადებდნენ, ტელევიზორის ხმასაც კი ჩაუწევდნენ, - უხერხულიაო. შეიძლება ბევრი
უზნეობა გვჭირს, მაგრამ თანაგრძნობასა და თანადგომაში ბარე, ბევრი ვერ გაგვიტოლდება. აბა, ახლა რა დაგვემართა?! როცა ქვეყანა ეროვნული გლოვის დღეს აცხადებს, მაინცდამაინც საზოგადოების თავშეყრის ადგილას უნდა გადავეშვათ გიჟური მუსიკის მორევში - ე.წ. ლაივ სტრიმს ვგულისხმობ, იმ საღამოს რომ "აადუღეს" საღამოს ორგანიზატორებმა?! ან კიდევ, "გლოვის დღის" სულისჩამდგმელნი სახალხოდ, ტელეკამერების წინ ნიანგის ცრემლებს რომ აფრქვევდნენ თბილისში ჩამოსვენებული სამხედროების ცხედრებთან, რისთვის აცხადებდნენ საყოველთაო გლოვის დღეს, დროშები რომ დაეშვათ და საბრალო ჭირისუფლებს მხარზე მოთათუნებოდნენ?! კანონიც კი არ არსებობს ამ ქვეყანაში, ასეთ დღეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ადამიანების ქცევის წესებს რომ განსაზღვრავს. არადა, ამ წესებისა და ნორმების ერთობლიობაა სწორედ მორალი, რომელიც სამწუხაროდ, უგზო-უკვლოდ გამქრალა.
შვილმკვდარი მტერი შეგებრალება და ასე რამ გაუცივა გული ჩემს ხალხს, სხვისი ტკივილი რომ აღარ სტკივა და თანაგრძნობა-თანადგომა რომ დაეკარგა, თორემ ჭირს გლოვა რომ უნდა, თეორიულად ყველამ იცის, მთავარია, სხვისი ჭირისას გეგლოვებოდეს!