ნატოს სარდლობა ავღანეთში ქართული კონტინგენტის დისლოკაციის ადგილის შეცვალზე მუშაობს

ნატოს სარდლობა ავღანეთში ქართული კონტინგენტის დისლოკაციის ადგილის შეცვალზე მუშაობს

ნატოს სარდლობა ავღანეთში ქართული კონტინგენტის დისლოკაციის ადგილის შეცვალზე მუშაობს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნის საფუძველზე ხდება. მისივე განმარტებით, დაწყებულია სერიოზული სამუშაოები, რათა შეირჩეს დისლოკაციის ისეთი ადგილები, რომლებიც მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება ქართველი სამხედროებისთვის. 

"გვქონდა საგნობრივი განხილვა ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე, იმ თავდასხმებზე, რომლებიც ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელდა. განვმარტეთ, თუ რა ზომები მიიღო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და კოალიციურმა სარდლობამ, რათა ჩვენი მეომრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. საბჭოს წევრებს გავაცანი დღეს დილით მიღებული შედეგებიც ამის თაობაზე. ნატოს სარდლობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნით დაწყებულია სერიოზული სამუშაოები, რათა შეირჩეს დისლოკაციის ისეთი კონკრეტული ადგილები, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული ჩვენი სამხედროების უსაფრთხოება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთში საქართველო საომარ მოქმედებებში იმყოფება და აღნიშნულიდან გამომდინარერე 100%-იანი გარანტია იმისა, რომ რაიმე ტიპის ინციდენტი გამორიცხული იქნება, არ არსებობს. თუმცა აქვე განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტრო ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიმართავს.

"მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი სამხედროების მიერ ყველა სტანდარტული ოპერატიული პროცედურა იქნა ზედმიწევნით შესრულებული. როგორც ნატოს, ისე ჩვენს მიერ მივლინებული სპეციალური ჯგუფის შეფასებით, ჩვენი სამხედროების მხრიდან არც ერთი შეცდომა არ დაფიქსირებულა, ისინი უმაღლეს პროფესიულ დონეზე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ჩვენის მხრივ, ჩვენს მიერ გაგზავნილი კომისიის მიერ კიდევ ერთხელ იქნა ნატოს სარდლობის მიერ მიღებული ზომები შემოწმებული ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია ავღანეთში კონტინგენტის შემცირება, ალასანიას განცხადებით, შემცირება დაგეგმილია, თუმცა 2014 წლის შემდეგ.

"საქართველოს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის ვალდებულება აქვს 2014 წლის ბოლომდე. ჩვენ დავასრულებთ ამ მისიას 2014 წელს. მანამდე, ბუნებრივია, ნატოს ჯარებთან ერთად მოვახდენთ შესაბამის გადაადგილებებს, მათ შორის საბოლოო შემცირებაც დაგეგმილი გვაქვს. 2014 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თვისობრივად ახალ მისიაში, რომელიც არ იქნება საბრძოლო მისია. ის იქნება ავღანური უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის მისია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.