ფუტზალის ასოციაცია ზვიად სიჭინავას აუჯანყდა

ფუტზალის ასოციაცია ზვიად სიჭინავას აუჯანყდა

საქართველოს ფუტზალის ასოციაციის გამგეობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას გადადგომას და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ფუტზალის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა დევდარიანმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ბექა კვიციანმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს განცხადება.

მათი თქმით, დღეს ქართულ ფეხბურთში შექმნილი მძიმე მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ და ზვიად სიჭინავას ერთობლივი მოღვაწეობის პირდაპირი შედეგია. ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ უალტერნატივოდ ჩატარებულ არჩევნებს და სუბიექტების მიმართ ირიბი თუ პირდაპირ ზეწოლას ვერც ფუტზალის ასოციაცია გადაურჩა.

ბექა კვიციანის თქმით, 2009 წლის 15 ოქტომბრიდან ფუტზალის ასოციაცია ზვიად სიჭინავას ზეწოლის ქვეშ მოექცა. კერძოდ, სიჭინავას მიერ გაცემული სანქციით ამოქმედდა ფეხბურთის ფედერაციის ფუტზალის კომიტეტი, რომელმაც იმავე წლის ნოემბერში დაწყებული ლეგიტიმური და ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებული და დაწყებული ეროვნული ჩემოპიონატის პირველი წლის სამი ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა. ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ასოციაციის შეჩერების საბაბად უსახსრობა დასახელდა.

„სამწუხაროდ, მაშინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ყველა ქვეყანაში ფუტზალის ეროვნული ორგანიზაციისთვის ფინანსებსა და ოფისს ქვეყანაში მოქმედი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. მეტიც - ბატონმა ზვიად სიჭინავამ პირად და სატელევიზიო გამოსვლებში საზეიმოდ განაცხადა, რომ ასოციაციის მოქმედი წესდება თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება და დასძინა, რომ მოქმედი პრეზიდენტი, კახა დევდარიანი მას პირადად ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს აგონებდა. „რუსთავი2“-ის გადაცემაში „საფეხბურთო ღამე“ ფუტსალში მოღვაწე ხალხს უცოდინარი უწოდა და იგივე ეთერით გაირკვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სულ ფეხებზე ჰკიდია, ნაკრებში ლეგიონერი ითამაშებს, თუ ქართველი“, - აცხადებს ბექა კვიციანი.

მისი თქმით, პირად საუბრებში სიჭინავამ ისიც თქვა, რომ მოქმედ პრეზიდენტს, კახა დევდარიანს თანამდებობა დროზე ადრე უნდა დაეტოვებინა და მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

ბექა კვიციანი აცხადებს, რომ 1992 წლიდან (ფუტზალის ასოციაციის დაარსების დღიდან) 2005 წლის ოქტომბრამდე კახა დევდარიანი იყო ფუტზალის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი და უმძიმესი წლები ღირსეულად გამოიარა. სიჭინავას გამოჩენამდე ფეხბურთის ფედერაცია ფუტზალის ასოციაციის საქმიანობას წარმატებულად აფასებდა, ხოლო სიჭინავას გაცხადებულ პოზიციას უცნაური ამბები მოჰყვა. კერძოდ, ფუტსალში მოღვაწე ყველა პირის საუბარი ოპერატიულად ხელმისაწვდომი ხდებოდა გარეშე პირებისთვის.

„ბატონი კახასთვისაც და ჩვენთვისაც ნათელი გახდა, რომ თუ ის თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას არ დათანხმდებოდა, ეს ზეწოლა გაგრძელდებოდა და მოვლენები კიდევ უფრო მძაფრი სცენარით განვითარდებოდა. სიჭინავასაგან (და არა მარტო მისგან) შემდეგი წინადადებები ისმოდა - „ძალა ჩვენს მხარესაა“, „სახელმწიფო ჩვენია“, „თავად თუ არ დაიშლებით, დაგშლით, შევქმნით ახალს, ვისაც გვინდა“ და ა.შ. ამის შემდეგ მომხდარზე დასკვნები თავად გააკეთეთ. კახა დევდარიანის გადაყენების შემდეგ პირველი საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გლდანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დარბაზში, ფაქტობრივად უმაყურებლოდ ჩატარდა. ამან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გაკვირვებული დატოვა“, - ამბობს ბექა კვიციანი.

მისივე თქმით, როგორც კი ფუტზალის კომიტეტმა ბოლშევიკური მისია შეასრულა, მისივე შემქმნელმა, ზვიად სიჭინავამ ის უკვალოდ გააქრო და მას შემდეგ დებულების შეცვლაც არ მოუთხოვია. ამის შემდეგ კი მოხდა ისე, რომ ფუტსალში რეგიონული კლუბები ნადგურდებოდა. ბექა კვიციანი ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ კახა დევდარიანი უფინანსობის მოტივით გადააყენა, მაგრამ ამ ნაბიჯს არავითარი კაპიტალდაბანდება არ მოჰყოლია, ხოლო ახალგაზრდული ნაკრების სრულ დასამარებამდე, მორიგი დახურული საერთაშორისო თამაში პოლონელ თანატოლებთან შსს-ს დარბაზში იგივე სცენარით გაიმართა.

„მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს ეროვნული ნაკრების წარმატებული მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი, თანაც ისე, რომ კონტრაქტის პერიოდში ფეხბურთის ფედერაციასა და ფუტზალის კომიტეტს მწვრთნელის და ნაკრების პრობლემების მიმართ არანაირი დაინტერესება არ გამოუჩენიათ. სრულიად იგნორირებული იქნა ასოციაციაშ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. ამ ყველაფერს ემსხვერპლა ბავშვთა სკოლა (სამი ასაკობრივი გუნდი) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. იკლო საერთაშორისო მატჩების რაოდენობამ, რაც საერთაშორისო იზოლაციის დასაწყისი გახდა“, - აღნიშნავს ფუტზალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მისი თქმით, ზვიად სიჭინავა გაუქმებული ფუტზალის ასოციაციისგან მოქმედ ბეჭედს დაჟინებით მოითხოვდა, რადგან ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მიზანი იყო ფუტზალის კომიტეტის (ანუ ახალი სუბიექტის) ლეგიტიმაცია და მომავალ არჩევნებზე ფუტზალის ასოციაციიდან ხმის გარანტირებულად მიღება.

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფუტზალის ასოციაციის გამგეობის ხუთი წევრი (სულ გამგეობა 9 წევრისგან შედგება) ითხოვს ზვიად სიჭინავას გადადგომას და თავისუფალი არჩევნების დანიშვნას, ასევე ფუტზალის ასოციაციის აღდგენას და მისი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას.