საზღვაო სეზონამდე 1 თვეზე ნაკლები დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ტურიზმზე განსაკუთრებული აქცენტი არ კეთდება, ტურისტების სიმცირე სულაც არ იგრძნობა. ის კი არადა, ცენტრალურ თუ რეგიონულ უწყებებში, დამსვენებლთა მკვეთრ გააქტიურებაზე საუბრობენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი უკვე მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სტაბილური ფასები სახელდება. ყველა დაუფარავად აცხადებს, რომ წელს საქართველოს შავი ზღვისპირეთში ფასები არ გაიზრდება.
ამ ეტაპზე საკურორტო მაზანდა აჭარაში შენარჩუნებულია. ქობულეთში ბინის ქირა ერთ ადამიანზე 15-20 ლარის ფარგლებშია. საოჯახო ტიპის სასტუმრო შედარებით ძვირია და ორადგილიანი ნომრის ღირებულება50-60 ლარამდეა, თუმცა ასე იყო შარშანაც. ოდნავ განსხვავებული ვითარებაა ბათუმში, აქ ბინაში ერთი კაცი 20-30 ლარს იხდის და ეს ტარიფი ერთი წლისწინანდელისგან არ განსხვავდება.
წლევანდელ სეზონზე აჭარში გაცილებით მეტ დამსვენებელს ელიან. ამ ეტაპზეც მათი რიცხვი ორჯერაა გაზრდილი. ფასები რეგიონში ჯერჯერობით არ შეცვლილა. ბინის დაქირავება წელსაც იგივე ფასად შეიძლება, როგორც შარშან.
ბათუმთან შედარებით, ქობულეთში დასვენება, დაახლოებით, 10-15 ლარით ნაკლები ჯდება, ურეკში კი ოთახის დაჯავშნა კიდევ უფრო ნაკლებ თანხებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება სასტუმროს, აქ ფასები არასტაბილურია. ზოგიერთი სტანდარტული ნომრის ღირებულება 50 ლარიდან იწყება და 250 ლარამდეც აღწევს. ქირის გადასახადის ოდენობა ადგილის, პერიოდისა და მომსახურების პირობების მიხედვით განისაზღვრება.
„ქობულეთში დასვენების ფასი შენარჩუნებულია. შარშან ჩვენ სასტუმროში ორადგილიანი ნომერი 50 ლარი ღირდა, წელსაც ასეა. თანხაში ერთჯერადი კვება შედის. ფასები ზოგადად სასტუმროს მდებარეობის, პირობებისა და სეზონის მიხედვით განისაზღვრება. ახლა ერთ ადამიანს, დაქირავება თუ 25 ლარი უჯდება, ეს თანხა 15 ივლისიდან 25 აგვისტომდე შედარებით მატულობს.
წლევანდელი მაისი გამორჩეულია იმით, რომ ქობულეთს ბევრი უცხოელი ტურისტი ეწვია, განსაკუთრებით, რუსები აქტიურობენ. 1-დან 15 მაისამდე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი გვყავდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელი იყო. ამიტომ ხალხმა სეზონისთვის მზადება ადრეულად დაიწყო. მოსახლეობა კაფე-ბარებისა და რესტორნების გახსნაზე ზრუნავს, ნაწილი სახლებს ღებავს, ჩვენც აქტიურად ვემზადებით ზაფხულისთვის და სარემონტო სამუშაოებს ვახორციელებთ”, - ამბობს სასტუმრო „ქობულეთის“ დირექტორი ლადო ლეფსვერიძე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათი ფუნქცია რეგიონის პოპულარიზაციაა. ამისათვის ქვეყნის საზღვრებს გარეთ სარეკლამო კამპანიებს ატარებენ.
„ეს არის თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. ჩამონათვალს ამჯერად ყაზახეთი და ბელორუსიც დაემატა, ანუ ახლაუკვე რვა სამიზნე ქვეყანა გვაქვს. ტურისტების მატებას ჩარტერული რეისების დანიშვნაც უწყობს ხელს. ასეთი აქტიური მაისი ჯერ არ ყოფილა. აჭარას უკვე უამრავი უცხოელი სტუმრობს. არიან თურქები, უკრაინელები, რუსები, პოლონელები და ისრაელის წარმომადგენლები. აქტიურობით თურქები გამოირჩევიან. კონკრეტულად რამდენითაა გაზრდილი მათი რიცხვი, უცნობია. მაისის სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, თუმცა შემიძლია აღვნიშნო, რომ წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია“, - ამბობსა ჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი სოფო გუჯაბიძე.
საზაფხულო სეზონის მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელობის მთავარი სავიზიტო ბარათი იქნება. რამდენიმე დღეა, რაც ამ პოსტზე გიორგი სიგუა დაინიშნა. იგი ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ხელს არ შეუშლის წარმატებულ საქმიანობაში.
„საზაფხულო სეზონი, ფაქტობრივად, კარს მოგვადგა. გეგმები გვაქვს ძალიან ბევრი და უნდა მოხდეს მთავრობის მხრიდან იმის განსაზღვრა, თუ რა ადგილი უნდა ეკავოს ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკაში. დღეისათვის მშპ-ში ტურიზმის წილი 6,37%-ია. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა გაორმაგდეს ეს მონაცემები. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ის ტურისტული ადგილები, რომელიც გამოყენებული არ იყო, მაქსიმალურიად გამოყენოს და აითვისოს. ყველაფერს ვეცდებით, რომ გავაქტიურდეთ გარე ბაზრებზეც“, - განაცხადა დანიშვნისთანავე გიორგი სიგუამ.