რატომ იგვიანებს ამანათების ჩამოსვლა და რა პასუხი აქვთ გადამზიდ კომპანიებს უკმაყოფილო მომხმარებლებთან?

რატომ იგვიანებს ამანათების ჩამოსვლა და რა პასუხი აქვთ გადამზიდ კომპანიებს უკმაყოფილო მომხმარებლებთან?

საქართველოში პოპულარული გახდა თურქეთიდან ნივთების გამოწერა. ამის ფონზე გადამზიდი კომპანიები მომრავლდნენ, რომლებიც მომხმარებელსა და მაღაზიას შორის შუამავლის როლში გვევლინებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნიდან ნივთების გამოწერა ძალიან ადვილია და, რომელსაც დაახლოებით, 10 დღეში მიიღებთ, აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში ასე არ არის.

მოქალაქეების თქმით, გადამზიდი კომპანიები ამანათების ჩამოტანას აგვიანებენ, ან კარგავენ, ხოლო მათ ინფორმირებულებაზე თავს არავინ იწუხებს. თავად გადამზიდი კომპანიები რიგ შემთხვევებში მოქალაქეებისკენ იშვერენ ხელს და ხანაც საბაჟო სამსახურს ადანაშაულებენ იმაში, რომ დროულად არ ახდენენ ნივთების შემოწმებას.

სწორედ ამიტომ for.ge დაინტერესდა რეალურად რა ხდება, რომელი მხარეა დამნაშავე და რომელი მართალი. მივმართეთ სოციალურ ქსელის ერთ-ერთ ჯგუფს, საიდანაც ნივთებს იწერენ და მომხმარებელს კითხვა დავუსვით - რატომ არიან უკმაყოფილოები გადამზიდი კომპანიების მომსახურებით. ჩვენდა გასაკვირად უკმაყოფილო კომეტარები ძალიან ბევრი აღმოჩნდა, საიდანაც რამდენიმე მომხარებელს პირადად გავესაუბრეთ.

მომხმარებელი ანი ხუროშვილი ნივთებს უკვე დიდი ხანია იწერს როგორც ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან, მაგრამ ბოლო დროს ამანათებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

„ჩინეთიდან ვიწერდი ნივთებს, თუმცა ახლა თურქეთიდან დავიწყე გამოწერა და მივმართე გადამზიდ კომპანია „შენიამანათს“, რადგან მომსახურება როგორც ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდანაც აქვთ. აღმოჩნდა, რომ ჩინეთიდან რეისები ყოველთვის აგვიანებს. პლუს ამას საშინელი მომსახურება აქვთ, ოპერატორებს ეზარებათ ტელეფონზე პასუხის გაცემა. ეს კომპანია დასახურია და იმედია, ხალხი ხმას ამოიღებს. ნივთის წონის საფასურს კილოგრამში თითქმის 12 დოლარს რომ ვიხდით და შეიძლება ის ნივთი დაიკარგოს, უპასუხისმგებლობაა, აბა, რა არის?! ძალიან ბევრი წონის თანხას წინასწარ იხდის და თუ ნივთი დაკარგეს, ამ შემთხვევაში ამანათის ღირებულებაც და წონის თანხაც გეკარგება, თან პასუხისმგებლობასაც არავინ იღებს. მე გასაყიდ ნივთებს არ ვიწერ, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ვიწერ. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა თუნდაც, 10-ლარიან ნივთს გიკარგავენ. როდესაც ეუბნები ვიჩივლებო, გპასუხობენ -  „კანონის თანახმად მუქარა დასჯადია და მივმართავთ შესაბამისს ზომას“-ო. დავიჯერო ასეთი კომპანია იმას ვერ უნდა საზღვრავდეს, რომ ჩემს „მუქარაზე“, მეტი დანაშაული მათ მიუძღვით?“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ანი ხუროშვილი.

ანის მსგავსად უკმაყოფილოა მარიამ ნაცვლიშვილიც, თუმცა მარიამი სხვა გადამზიდი კომპანიით სარგებლობს.

„კომპანია „postal.ge“ სრულიად კატასტროფაა, კომპანიასაც ვერ ვუწოდებ. დავიწყებ იქიდან, რომ თურქეთის საწყობში მიტანილი ნივთი ერთ კვირაში ჩამოდის. ერთი კვირა კი არა, ორი თვე გავიდა და ნივთი არ მიმიღია. როდესაც ვეკითხები, პასუხი არის - დღეს, ხვალ, იგვიანებს რეისი და ა.შ. როგორც იქნა ერთი თვის შემდეგ ამანათები ჩამოვიდა და ახლა აეროპორტშია გაჩერებული. როდესაც ვკითხულობთ რატომ არის ამდენი ხანი გაჩერებული, გვეუბნებიან დაელოდეთ გამოვიტანთ და დაიწყება დარიგებაო. მინდა, რომ ადამიანებმა სიმართლე გაიგონ, რომ ეს კომპანია სანდო არ არის“, - ამბობს მარიამ ნაცვლიშვილი for.ge-თან საუბრისას.

რა ხდება რეალურად, რატომ იგვიანებს ამანათების ჩამოსვლა და რა პასუხი აქვთ გადამზიდ კომპანიებს უკმაყოფილო მომხმარებლებთან, ამ კითხვებით for.ge-მ რამდენიმე გადამზიდ კომპანიას მიმართა. თავის მხრივ კომპანიებში აცხადებენ, რომ პრობლემა მათ არ აქვთ. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მოქალაქეები დეკლარაციას არასწორად ავსებენ, რის გამოც საბაჟოზე პრობლემები იქმნება. ასევე, გადამზიდ კომპანიებს პრეტენზია აქვთ საბაჟოს მიმართაც, რადგან დროულად არ ხდება ამანათების შემოწმება.

„მომხმარებლებმა რის გამოც გამოთქვეს პრეტენზია დაახლოებით ვხვდები. ერთ-ერთმა რეისმა დაიგვიანა, რომელიც ერთი კვირაა ტერმინალში დგას. ამ წუთას ჩემი თანამშრომლები გაშვებული მყავს, რომ აღნიშნული საკითხი მოაგვარონ. ჯერ კიდევ შემოსავლების სამსახურიდან ველოდები, რომ მებაჟე გამოგვიყონ, რომელიც პროცედურას დაესწრება. ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი არის, რატომ რისთვის მოხდა ეს ყველაფერი. ხალხს პრობლემა 31-ე რეისზე შეექმნა და ერთი კვირაა, რაც მანქანა ტერმინალში დგას. უბრალოდ, შემოსავლების სამსახურმა ვერ მოგვცა თანამშრომელი შესამოწმებლად. დაახლოებით 10-12 საათის სამუშაოა ჩასატარებელი. ახლაც ველოდები, იქნებ მებაჟე გამოყონ. იმასაც გეტყვით, რის გამო არის ტვირთი გაჩერებული. თურქეთის მხარემ მანქანას პლომბი არასწორად დაადო. მანქანა საქართველოში შემოვიდა, მივიდა მებაჟე ეს პლომბი ნახა, ამოიწერა პლომბის ნომერი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რომ არასწორად ეკეთა და მანქანა საზღვრიდან გამოუშვა. ჩვენი მხარე ეკონომიას აკეთებს და ახალ პლომბს აღარ ადებს. როდესაც მანქანა თბილისში ჩამოვიდა და ტერმინალში მივიდა, ტერმინალის დაცვამ პლომბი რომ შეამოწმა, ნახა, რომ არასწორი დაპლომვა იყო. აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს გადაეცა. ამის გარდა მომხარებლები ნივთებს არასწორად ადეკლარირებენ, რადგან განბაჟება არ მოუწიოთ“, - განუცხადა for.ge-ს „postal.ge“ -ს დირექტორმა ბიძინა ფარცხალაძემ.

კითხვაზე თუ რამდენად ხშირად ექმნებათ საბაჟო სამსახურთან პრობლემები, ბიძინა ფარცხალაძე ასე გვპასუხობს: „საბაჟო ფიზიკურად ვერ აუდის ამდენი ტვირთის შემოწმებას, კადრები არ ჰყავთ. გუშინ მაგალითად, მარტო ერთი მებაჟე ჰყავდათ“.

For.ge ასევე დაუკავშირდა კიდევ ერთ გადამზიდ კომპანია „გიოგრუპს“. აღნიშნულ კომპანიაშიც მომხმარებელს ანალოგიური პრობლემები აქვთ, თუმცა კომპანია ბრალდებებს უარყოფს.

 „ჩვენს კომპანიას კვირაში ორი რეისი აქვს. რეისის გამოსვლიდან 4-5 დღეში ამანათები უკვე ფილიალებში გვაქვს. ამანათების მიღების წამიდან ვიწყებთ დახარისხებას, რომელსაც დაახლოებით ერთი დღე სჭირდება. ამის შემდეგ შეგვიძლია ნივთების გაცემა. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ნივთებს ვკარგავთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ნივთი დაიკარგა, ჩვენ მას ვანაზღაურებთ ან იგივე ნივთით, ან თანხის დაბრუნებით. რაც შეეხება საბაჟოს პრობლემებს - თუ ადრე საბაჟოზე ტრაილერის გადმოსვლა მარტივად ხდებოდა, ახლა იგვიანებს, რადგან რიგებია, მაგრამ ისე არ გვიანდება, რომ მომხმარებელი დაზარალდეს“, - განუცხადა for.ge-ს კომპანიის წარმომადგენელმა, სალომე ოდიშერიძემ.

გადამზიდ კომპანიების პრეტენზიას კი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ასეთ პასუხს სცემს:

„მნიშვნელოვანია რომ მიმდინარე წელს, ხუთი თვის მონაცემებით, საფოსტო გზავნილების ჯამური რაოდენობა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი. იმ საფოსტო გზავნილების შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია (მათ შორის საანგარიშსწორებო დოკუმენტები), გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს შეუფერხებლად. ხოლო იმ შემთხვევებში, თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს არ აქვს თანმხლები დოკუმენტაცია და დაუდგენელია ღირებულება ან/და სხვა მონაცემები, შესაძლებელია საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, რაც თავის მხრივ მოითხოვს გარკვეულ დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ გადამხდელს შეუძლია ისარგებლოს საფოსტო გზავნილებით შემოტანილი 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, ამასთან დასახელებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ გადამხდელების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანისა და ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მათ შორის საფოსტო გზავნილების შემთხვევაში, ხორციელდება, შესაბამისი ადმინისტრირების პროცესი, კერძოდ: ინფორმაციის დამუშავება და რისკების იდენტიფიცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეული გადამხდელების და მათ მიერ შემოტანილი საქონლის თაობაზე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია საფოსტო გზავნილები ჩაითვალოს ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად და შესაბამისად, მათი იმპორტი დაექვემდებაროს იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას“.