ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"პირველ რიგში დავაფიქსირებ პოზიციას, რომ ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია გულდასაწყვეტია, მაგრამ არამცდაარამც შეურაცხმყოფელი, რადგან მასში ნათლად ჩანს პატივისცემა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
დიდი ალბათობით, 24 ივნისს არაფერი შეიცვლება და აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურ სახეს მიიღებს.
პერსონალურად ჩემი პირადი აზრია, რომ გონივრული ნაბიჯი იქნება, ხელისუფლებამ გამოაცხადოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, რათა საქართველოს მოსახლეობამ არა ქუჩაში, ბარიკადებზე და თუნდაც სოციალურ ქსელებში, არამედ საარჩევნო ურნასთან გადაწყვიტოს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის კურსს, მიაჩნია თუ არა, რომ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული მშვიდობის, განვითარების, განახლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ევროპული კურსი სწორია და მორიგ ჯერზე უცხადებს ნდობას თუ ემხრობა სხვა კურსს--ერთის მხრივ, ომისა და დესტაბილიზაციის(ნაცმოძრაობის) თუ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის(რუსულ ვექტორთან აფილირებული).
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახონ, თუ რეალურად რა პოზიციაზეა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ამ ნაბიჯით ბევრ კითხვაზეც გაეცემათ პასუხი.
გავბედავ და პროგნოზსაც მოგახსენებთ--"ქართული ოცნება" გაცილებით დიდ მხარდაჭერას მიიღებს, ვიდრე ეს 2020 წლის არჩევნების დროს მოხდა".