ღვინის პასპორტი

ღვინის პასპორტი

როგორ დავრწმუნდეთ, ნამდვილია თუ არა ძვირფას აუქციონზე შეძენილი ღვინო? ვინ იცის, რა პირობებში ინახებოდა ის და ღირს თუ არა რეალურად თანხა, რომლის გადახდასაც ვაპირებთ? მყიდველსა და გამყიდველს შორის ნდობის საზღვრების დადგენა მხოლოდ თავად გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ.

 

მაგრამ როგორ დავადგინოთ იყო თუ არა ღვინის საწყობი და ტრანსპორტირების საშუალება შესაბამისი ტემპერატურული კონტროლის სისტემით აღჭურვილი ან სასმელმა რამდენჯერ გადაკვეთა ოკეანე გემით გაურკვეველ პირობებში? დარგის მუშაკებმა წამოაყენეს საინტერესო ინიციატივა, რომელიც, აღსრულების შემთხვევაში, დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ფალსიფიკაცია ბაზარზე.

 

ჟურნალ Decanter-ის რედკოლეგიის წევრის, სარა კემპის აზრით, ძვირფასი და იშვიათი ღვინის თითოეულ ბოთლს უნდა ჰქონდეს საკუთარი პასპორტი, რომელშიც დაფიქსირდება მონაცემები მისი წინა პატრონის, შენახვის პირობებისა და ადგილის შესახებ. თუ ღვინის წინა ისტორია ცნობილი არაა, მონაცემებში ესეც უნდა იყოს მითითებული. სარა კემპი ამბობს, რომ ამის განხორციელება არცთუ ისე იოლი, მაგრამ შესაძლებელია, თუკი იქნება ყოველი დაინტერესებული მხარის სურვილი. ამ ზომების შემოღების შემდეგ ღვინის ფასი უდავოდ აიწევს, გართულდება ღვინის წარმოების სისტემა, რაც შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით მეღვინეთა უმრავლესობისთვის მომგებიანი არ იქნება – მათ სავსებით აკმაყოფილებთ არსებული მდგომარეობაც.

 

სიახლის დანერგვის სტიმული უნდა გახდეს მყიდველთა მოთხოვნა, რომ ღვინოსთან დაკავშირებული ოპერაციები უფრო გამჭვირვალე იყოს. აზიური ბაზარი, რომელიც ბოლო დროს ღვინით მოვაჭრეთათვის მეტად მიმზიდველ ადგილად იქცა, აუცილებლად მოითხოვს მოწოდებული ღვინის ზუსტი მონაცემების ცოდნას, განსხვავებით ევროპელი და ამერიკელი მყიდველისაგან, რომლებმაც თავის დროზე ვერ მოახერხეს ეს. ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა სულ უფრო მწვავდება და სწორედ ამის აღმოსაფხვრელადაა საჭირო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

 

ნორვეგიელი ჰენინგ ტორენსენი, რომელმაც დააფუძნა კომპანია Bordeaux Winebankამბობს: "ეს იგივეა, როდესაც ნახმარ ავტომობილს ყიდულობთ და არ იცით მისი წინა ისტორია, მოხვდა თუ არა ავარიაში, ჰქონდა თუ არა ქარხნული დეფექტები და ასე შემდეგ. გასაყიდად გამზადებული ყველა მანქანა ხომ მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ რა ხდება ძარის ქვეშ - დიდი საიდუმლოა, განსაკუთრებით არასპეციალისტისთვის. ანალოგიური სიტუაციაა საკოლექციო ღვინოების შემთხვევაშიც, რომლებიც აუქციონზე მოხვედრამდე სხვადასხვა კოლექციონერის ხელში და სხვადასხვა პირობებში ინახება".

 

ჰენინგის კომპანიის საქმიანობის არსი მდგომარეობს იდეაში, რომ იმ ღვინოთა ფასი, რომელთა ინფორმაციაც სრულყოფილია, გაცილებით მაღალი უნდა იყოს ნაკლებად ცნობილი ისტორიის მქონე ღვინოებთან შედარებით, რომლებმაც უამრავი პატრონი გამოიცვალეს.

vinoge.com