წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ახალი პოლიტიკური მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილის და მისი კოალიციის მხრიდან იყო სამართლიანობის აღდგენის დაპირება. თავისთავად, სამართლიანობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ახალმა გუნდმა რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა გარკვეული ნაწილის მიმართ სამართალი დადგა - შეწყდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების მასობრივი დევნა, როგორც ამბობენ, უკანონო მოსმენებიც შეჩერდა, უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს ციხეებიდან და ა.შ.
როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - უნდა აგოს თუ არა პასუხი მან, ვინც ამ ყველაფერს სჩადიოდა. ეს უკვე დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა დასავლეთის აქტიური ჩარევის შედეგად, ამ პრობლემის გადაჭრა მაინც პოლიტიკურ ჭრილში, კოაბიტაციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა იმ შედეგების გამოსწორება, რაც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო დადგა - ეს არის დიდი ოდენობით წართმეული და ჩამორთმეული საკუთრება, ქონება თუ ბიზნესები. უფლებაშელახულ ბიზნესმენთა არმია დღეს სწორედ ამ სამართალს ელის.
ეს ის თემაა, სადაც, ჯერჯერობით, სრული ქაოსია და ძნელია არ დაეთანხმო იმ ექსპერტების პათოსს, რომლებსაც უჭირთ ახსნა, როგორ მოახერხა ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი წართმეული ქონების დაბრუნება და რატომ გაჭიანურდა ეს საკითხი სხვა ბიზნესმენების შემთხვევაში.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სხვა ბიზნესების შემთხვეევაში გადაწყვეტილებაც კი არ არის მიღებული, როგორ, რა გზითა და რა მეთოდებით არის შესაძლებელი მათთვის სამართლიანობის დადგომა. არის კონსტიტუციური გზა - სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძნელია გარკვევა, რეალურად რა ხდება და რა პროცესთან გვაქვს საქმე?
როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებისთვისაც გაურკვეველია ამ პრობლემას როდის, ან როგორ გადაწყვეტს და ამ კუთხით, ჯერჯერობით, ორაზროვანი განცხადებების მოსმენა გვიწევს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, ხელისუფლება ძალაუფლებას მოერგო და ზედმეტ თავისტკივილს გაურბის.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ მთავარ პროკურატურაში საკუთრებასთან დაკავშირებით არსებულ სარჩელებზე შესაძლოა, ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.
„ყველაზე დიდი პრობელმა, რაც ხელისუფლებაში არსებობს, სწორედ ეს საკითხია. მე ექსპერტებთანაც მქონდა შეხვედრა და მათ გამოთქვეს თავისი აზრი, თუ როგორ შეიძლება, ეს გადაწყდეს, რადგან ძალიან რთულია. უამრავი განცხადება და დაზარალებულია. ერთსა და იმავე ქონებაზე ზოგჯერ რამდენიმე ადამიანს აქვს პრეტენზია.
გარდა კლასიკურისა, დღეისათვის არაფერი გვაქვს გადაწყვეტილი. კლასიკური სასამართლოა და სასამართლო ამას როდის მოერევა, ან პროკურატურა როდის განიხილავს, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივი კითხვა ისმის. მე არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მივიღოთ და ამ საკითხზე ძალიან ხშირად ვმსჯელობთ. ეს ყველაზე რთული და გამოუვალი პრობლემაა, რადგან უამრავი ადამიანია დაზარალებული. საკუთრებასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემაა. ისიც ვიფიქრეთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე სახელმწიფოს აეღო, მაგრამ უხეში გათვლებით საქმე 7 მილიარდთან გვაქვს, რაც საქართველოს ბიუჯეტს უტოლდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რა შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია და არც არავინ არ იცის, რას გულისხმობს საკითხის პოლიტიკურად გადაჭრა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევის და „ქონების სტატუსის საეჭვო შეცვლის“ 9 ათასზე მეტი საქმეა შესული. ვიცით ისიც, რომ „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია“ 100 ათას ლარზე ზემოთ ზარალმიყენებულ საქმეებს განიხილავს. მთავარი პროკურატურის საპროკურორო დეპარტამენტის უფროსი კახა წერეთელი აცხადებს, რომ, საერთო ჯამში, შემოსულია დაახლოებით 20 ათასამდე განცხადება, აქედან 180 საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
მოკლედ, რამდენი ბიზნესმენი დავობს და რა ოდენობის ქონებაზე, ესეც რთული გასარკვევია და რაც მეტი დრო გადის პროცესი სულ უფრო მეტად ქაოსურ სახეს იღებს.
რა მოითათბირა ივანიშვილმა ექსპერტებთან, ალბათ, ამას მოგვიანებით თავადვე გაგვიმხელს, თუმცა საინტერესოა თავად ექსპერტების პოზიცია, რამდენად გადაჭრად პრობლემად მიიჩნევენ წართმეული ქონების ნაწილში მესაკუთრეთა უფლებების აღდგენას ისე, რომ ქვეყანა იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეს და ახალი დაზარალებულები არ შეემატოს უფლებაშელახულ ბიზნესმენთა არმიას.
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სპეციალური არბიტრაჟი, შემდეგ ეტაპზე კი შეიძლება ვილაპარაკოთ, რა არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხსაგები და კერძო პირების მხრიდან პასუხსაგები. სხვანაირად ამ საკითხის მოგვარება ექსპერტს რთულად წარმოუდგენია.
ემზარ ჯგერენაია: „სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე როცაა ლაპარაკი, მის ფუნქციას ერთ რამეში ვხედავ, ასეთი ტიპის არბიტრაჟის შექმნას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. ამ არბიტრაჟს შეეძლება განიხილოს სწრაფად და დავის გარეშე, მოლაპარაკებებით მოსაგვარებელი საქმეები, რაც დარჩება, ანუ არბიტრაჟის ფარგლებში რა დავების განხილვაც შეუძლებელი იქნება, აქ უკვე უნდა მოხდეს სხვა ტიპის ჩარევა, ვგულისხმობ გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეების გამოვლენას მათ პასუხისმგებლობას და ა.შ“.
როგორც ჩანს, ხელისუფლებაში სხვადასხვა ვარიანტები განიხილება და ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ, დაზარალებულთა კომპენსირებაა, მაგრამ საინტერესოა, ვინ უნდა გაიღოს კომპენსაცია - ბიუჯეტმა თუ კონკრეტულმა პირმა?
„რაც შეეხება კომპენსაციას, მას შემდეგ, რაც გაირკვევა რასთან გვაქვს საქმე, იმ შემთხვევაში თუ ვინმეს სახელმწიფოს მხრიდან უფლებები შეელახა, ზარალის ანაზღაურებაზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ „ინვენტარიზაცია“ უნდა მოხდეს და უნდა ვნახოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“,- აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
ექსპერტი პაატა შეშელიძე კი შიშობს, რომ სამართლიანობის აღდგენის მომენტში სხვა, ახალი უსამართლობა არ მოხდეს.
„ჯარიმა იქნება ეს თუ კომპენსაცია, დამნაშავემ უნდა გადაიხადოს და არა სახელმწიფომ. გამოდის, რომ თუ სხვა ტიპის მექანიზმი შეიქმნება, ეს კომპენსაცია გადასახადის გადამხდელმა უნდა გადაიხადოს, რაც ჩემი აზრით, არასწორი იქნება. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, პასუხი მან უნდა აგოს“ - აცხადებს პაატა შეშელიძე.
ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემა რთულად გადასაჭრელია, რადგან დიდი ოდენობის დანაშაულთან გვაქვს საქმე და ახალი მექანიზმების მოფიქრება სწორედ ამიტომ სჭირდება.
პაატა შეშელიძე: „არ აქვს მნიშვნელობა რამდენი საქმეა, ბევრია ეს, თუ - ცოტა, სასამართლომ უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება, მან უნდა დაადგინოს დამნაშავე ვინ იყო. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ მიიღებ, გამოდის, რომ ერთს უნდა წაართვა და მეორეს მისცე, ასე წინა მთავრობამაც გადაწყვიტა, რომ ერთისთვის წაერთმია და მეორისთვის მიეცა, ასე არ შეიძლება“.
საზოგადოება იმისი თვითმხილველიც არაერთხელ გამხდარა, წართმეულ თუ ჩამორთმეულ ქონებას რამდენჯერ შეეცვალა მესაკუთრე და რამდენჯერ გაიყიდა. მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, კლასიკური მაგალითია იმისა, ხელისუფლების გემოვნებისა და ინტერესების მიხედვით, თვით ნაციონალური მმართველობის პირობებში, რამდენჯერ შეეცვალა მფლობელი. დღეს თეორიულად ყველამ იცის, რომ ტელეკომპანია სააკაშვილის მფლობელობაშია, თუმცა, ამისი დამადასტურებელი განაჩენი არ არსებობს. ასევე გაურკვეველია, ტელეკომპანიის მრავალრიცხოვან მფლობელთაგან ვინ იყო პატიოსანი მესაკუთრე და ვინ არა.
ექსპერტი პაატა შეშელიძე სხვასთან ერთად ამ პრობლემასაც ხედავს, მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ქონება ჩამოართვეს, მისი უფლება დაირღვა, მაგრამ ის ქონება უკვე კეთილსინდისიერი მესაკუთრის ხელშია. ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც ამ კეთილსინდისიერ მესაკუთრეს აუნაზღაურებს, ან პირიქით, ყოფილ მესაკუთრეს.
„არ ვიცი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში რა იგულისხმება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ჩარევა არ შეიძლება, რადგან საკითხი უნდა მოგვარდეს იურიდიული, სამართლებრივი მეთოდებით და უნდა დადგინდეს დამნაშავე“, - მიიჩნევს შეშელიძე.
ექსპერტი ლევან კალანდაძე თვლის, რომ ყოვლად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც დღევანდელი ხელისუფლება, პრემიერი და სამართალდამცველები აკეთებენ ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენების მიმართ.
ლევან კალანდაძე: „არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით საჭირო არ არის, საჭიროა სამართლის აღსრულება. თუ სამართალი აღსრულდა ბიძინა ივანიშვილის და მისი ქონების მიმართ, თუ ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნა ის ქონება, რომელიც პირდაპირი, თუ ირიბი გზით ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების თაოსნობით იყო ჩამორთმეული, რატომ არის საჭირო, ე.წ. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სხვა მეწარმეების მიმართ?! რითი განსხვავდება მეწარმე ივანიშვილი სხვა მეწარმეებისგან საქართველოში?! რა პრივილეგიებით სარგებლობს სხვა მეწარმეებთან შედარებით და რატომ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თავის ქონებასთან დაკავშირებით სამართლის აღსრულება მოსთხოვოს პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს და სხვა მეწარმეებთან დაკავშირებით აძლევს მითითებას, რომ თურმე, საკითხი პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს“?!
ლევან კალანდაძე თვლის, რომ პრემიერს, მთავარ პროკურორს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრსაც იმიტომ უხდის ხალხი ხელფასს, რომ ასეთი პრობლემები მოაგვაროს - გამოიძიოს საქმეები და რეალური დამნაშავეები გამოავლინოს. ექსპერტის აზრით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ისეთივე მოტყუებული და „გადაგდებული“ აღმოჩნდება, როგორც წინა ხელისუფლების დროს.