ირლანდიის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შემდგომ ინტეგრაციას.
ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის რეზოლუცია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით, ასრულებენ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში.
რეზოლუცია მიესალმება საქართველოს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის გაწევრიანებაზე და აღიარებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სწრაფ ზომებს კითხვარზე პასუხის გაცემასა და მისი ბრიუსელში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
რეზოლუცია აღიარებს საქართველოს პროგრესს და ევროკავშირთან დაახლოების მაღალ დონეს და მტკიცე რეკომენდაციას იძლევა, შენარჩუნდეს პოლიტიკური იმპულსი და საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ივნისში გაიმართება.
რეზოლუცია ხაზს უსვამს იმას, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები სინქრონიზებული იყოს და ასოცირებული ტრიო არ გაიყოს განსხვავებული რეაგირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გეოპოლიტიკური კონტექსტის სრული გაცნობიერებით, და ამავე დროს შენარჩუნდეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა გაწევრიანების პროცესში.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროცესში რომელიმე ქვეყნის უკან ჩამოტოვება გამანადგურებელ გავლენას მოახდენს საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე, ხოლო რუსეთს „მწვანე შუქს“ აუნთებს არაპროგნოზირებადი დესტრუქციული ქმედებებისთვის“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუცია აღიარებს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან და მისცემს მას სტიმულს გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორების დემოკრატიის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას.
რეზოლუცია ასევე აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე და მოუწოდებს საქართველოს, შეინარჩუნოს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.
რეზოლუცია აფასებს საქართველოს ხალხსა და მთავრობას ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისთვის, რომელიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზე, ასევე მთავრობის გამჭვირვალობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე.
რეზოლუცია რეკომენდაციას უწევს ირლანდიის მთავრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში, რაც დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან და სტიმულს მისცემს, გააგრძელოს დემოკრატიის განმტკიცებისა და კონსოლიდაციის რეფორმების განხორციელება.
Tweet