ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში - მოლდოვასთვის და საქართველოსთვის პირობაზე დაფუძნებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
„საქართველოსა და მოლდოვას კანდიდატობასთან დაკავშირებით, მე მესმის გეოპოლიტიკური სიტუაცია, მესმის ქართველი ხალხის სურვილი, საქართველოს მისწრაფება და, ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში მოლდოვასა და საქართველოსთვის პირობაზე დაფუძნებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. ასეთი ფორმულით: თუ შეასრულებთ პირობებს, მაშინ მიიღებთ სტატუსს . მე ვიცი მოლოდინი, ვიცი თქვენი სურვილები და მთავარია ქვეყნის მისწრაფება. თუ არა ამჯერად და თუ არა ეს გახსნილი შესაძლებლობა, მაშინ იქნება სხვა შესაძლებლობების ფანჯარა და იმ მომენტისთვის უფრო მომზადებულები იქნებით“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.