ენერგოსექტორში ინვესტიციების აუცილებლობის საკითხებს სემეკის რეგიონულ კონფერენციაზე განიხილავენ

ენერგოსექტორში ინვესტიციების აუცილებლობის საკითხებს სემეკის რეგიონულ კონფერენციაზე განიხილავენ

„ინვესტიციები  და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“ – ამ სახელწოდების ორდღიან რეგიონულ კონფერენციას სემეკი მასპინძლობს. ღონისძიება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 14 ივნისს გაიხსნა.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თავის პანელზე „ინვესტიციების აუცილებლობა – საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების დღის წესრიგი“ დეტალურად მიმოიხილა ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული მდგომარეობა, პერსპექტივები და ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც გასატარებელია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

დავით ნარმანიას თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 13,6%–ით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ 2019–თან შედარებით 7%–ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ელენერგიის მოხმარებას, საანალიზო პერიოდში წინა წელთან შედარებით 13,3%–ით, ხოლო პანდემიამდელ წელთან შედარებით 8%–ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო პერიოდში წინა წელთან შედარებით იმპორტი 24,6%–ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ექსპორტ–იმპორტის დინამიკას, დავით ნარმანიას თქმით, ბოლო სამ წელიწადში ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მიუხედავად 2021 წლის მნიშვნელოვანი ზრდისა. იმპორტი კი 2016 წლის შემდეგ სტაბილურად მზარდია. 

დავით ნარმანიას თქმით, 2021 წელს 6 მცირე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა მათი დადგმული სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს ბალანსს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. მისივე თქმით, რაც უფრო იზრდება ეკონომიკა, მით მეტია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, რომლის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა ადგილობრივი მსხვილი და საშუალო განახლებადი ელექტრო გენერაციის წყაროების მშენებლობისთვის. 

„მოთხოვნა იზრდება, მიწოდება გვჭირდება, თუ გვინდა ენერგოუსაფრთხოება და მაკროეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა, გვინდა მეტი ადამიანის დასაქმება ენერგეტიკაში და სოციალური ფონის გაუმჯობესება, მეტი ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყარო უნდა შეიქმნას. გასულ წელს რამდენიმე მცირე ჰესი შეიქმნა, მაგრამ საჭიროა საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ენერგეტიკის სფეროში მიმდინარეო რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ 2018 წელს მიღებული ახალი კანონისა და სემეკის კანონქვემდებარე აქტების მეშვეობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით და რომ სექტორი მნიშვნელოვანწილად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, რისი ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული. 

დავით ნარმანიამ თავისი პანელის შემაჯამებელ ნაწილში სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა – თუ რა უნდა გავაკეთოთ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, შემდეგი ღონისძიებების გატარება იგეგმება: ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გზით; მდგრადი და საიმედო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება; ენერგიის მოთხოვნის ზრდასა და შიდა მიწოდებას შორის ჩამორჩენის აღმოფხვრა; ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება; განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისება; ლიკვიდური, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების ჩამოყალიბება; ელექტროენერგიის მდგრადი მოხმარების ხელშეწყობა ჭკვიანი მრიცხველების გამოყენებით.