ჯონ ჰერბსტი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დასავლეთში მეტი მხარდაჭერა სჭირდება - სამივე ქვეყანამ ნათლად გამოხატა თავისი ინტერესი ევროკავშირის მიმართ

ჯონ ჰერბსტი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დასავლეთში მეტი მხარდაჭერა სჭირდება - სამივე ქვეყანამ ნათლად გამოხატა თავისი ინტერესი ევროკავშირის მიმართ

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მეტი მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთში. მან „ქრონიკასთან“ აღნიშნა, დასავლეთს ისევ აქვს სასიცოცხლო ინტერესი უკრაინაში პუტინი დაამარცხოს.

„ვფიქრობ, სამივე ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ნათლად გამოხატეს თავისი ინტერესი ევროკავშირის მიმართ, ასევე, უკრაინამ და საქართველომ ნათლად დააფიქსირეს პოზიცია ნატოს მიმართ. სამწუხაროდ, იგივე წინააღმდეგობაა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, როგორც ეს დეკემბერ-იანვარში, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდათ. ანუ, ივნისის მდგომარეობითაც კი, მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არც მიკვირს, მაგრამ მე რომ ამ ქვეყნებიდან ვიყო, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, პოზიციებს არ დავთმობდი და დაველოდებოდი როგორ წააგებს რუსეთი უკრაინაში ომს. მერწმუნეთ, იმ მომენტში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და ევროპის „ფრთხილი“ ქვეყნები, საკუთარ პოზიციებს გადახედავენ.

ვფიქრობ, რომ საქართველოს და საერთოდ, სამივე ქვეყანას მეტი მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთში. ვფიქრობ, დასავლეთს ისევ აქვს სასიცოცხლო ინტერესი უკრაინაში პუტინი დაამარცხოს. მჯერა, რომ ასეც მოხდება და ასეთი შედეგი დადებითად იმოქმედებს რუსეთის პოლიტიკაზეც, რაც ასევე კარგს ნიშნავს როგორც საქართველოსთვის, ისე მოლდოვასთვის.

არ ვიცი, როდის გაირკვევა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი წააგო, იქნება ეს სამი თვის შემდეგ თუ შესაძლოა ყველაფერი რვა წელი გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებლად მივალთ ამ შედეგამდე და რუსეთის დამარცხებამდე. ამჟამად პუტინი საკმაოდ კარგად აკონტროლებს რუსეთის პოლიტიკურ სისტემას, მაგრამ ეს რეალობა შეიცვლება, მითუმეტეს, მასშტაბური სანქციების პირობებში“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტიმ.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით თვითშეფასების დოკუმენტებზე საპასუხო მოსაზრებებს 17 ივნისს დაამტკიცებს. 24 ივნისს ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.