რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „La Gazzetta dello Sport” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ბრიტანული კლუბი „მანჩესტერ სიტის“ არაბი მფლობელები „მილანის“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის დაუკავშირდნენ და 20 წლის თავდამსხმელი სტეფან ალ-შაარავის გაყიდვა მოსთხოვეს.
ბრიტანელები ალ-შაარავის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროსა და „ხურდაში“ არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს იძლევიან.
ინგლისელებს ახალგაზრდა შემტევის ყიდვა წინა კვირის დასაწყისშიც სურდათ. მაშინ იტალიელებმა ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო მოითხოვეს.
დღეს დილით „მანჩესტერ სიტიმ“ მილანელებს ახალი „გაუმჯობესებული“ წინადადება შესთავაზა. „მილანთან“ დაახლოებული პიროვნებების მტკიცებით, სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ამ შემოთავაზებაზე უარს ალბათ არ იტყვიან და ალ-შაარავი „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყნისაკენ მიმავალ გზას დაადგება.