მომო სისოკო კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს

მომო სისოკო კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ მალის ეროვნული გუნდისა და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ 28 წლის ნახევარმცველი მომო სისოკო კარიერას ნეაპოლის „ნაპოლიში“ გააგრძელებს.

გასული სეზონის ნაწილი ფეხბურთელმა კლუბ „ფიორენტინაში“ ჩაატარა. მან ფლორენციაში თავი ვერ გამოიჩინა და სათამაშო მინდორზე მხოლოდ ხუთჯერ, ისიც შეცვლებზე გამოჩნდა.

უკანასკნელი საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ სისოკო პარიზში დაბრუნდა, მაგრამ გუნდმა მისი გაყიდვა ან იჯარის წესით გაცემა გადაწყვიტა.

სისოკოს „პარი სენ ჟერმენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალ წელს უსრულდება.

ფეხბურთელს მშველელად ბატონი რაფაელ ბენიტესი მოევლინა. აღმოჩნდა რომ „ნაპოლის“ ახალი დამრიგებელი აფრიკელის დიდი თაყვანისმცემელია და იტალიური გუნდის ხელმძღვანელობას მისი ყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს დღეებში მალის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი კლუბ „ნაპოლიში“ ჩაირიცხება და ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.