ირაკლი რუხაძე ხოშტარიაზე: ორი ბრალდება იყო აბსოლუტური ტყუილი, მესამეს სიამოვნებით ვეთანხმები - დიახ, მე ვარ „იმედის“ მფლობელი

ირაკლი რუხაძე ხოშტარიაზე: ორი ბრალდება იყო აბსოლუტური ტყუილი, მესამეს სიამოვნებით ვეთანხმები - დიახ, მე ვარ „იმედის“ მფლობელი

სამი რამ თქვა ჩემზე, ორი აბსოლუტური ტყუილი. ერთ-ერთი დამაბრალა, რომ ვარ „იმედის“ მფლობელი. ამაში ვეთანხმები და ძალიან სიამაყით ვეთანხმები, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ „დროას“ ლიდერზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ „იმედი“ ახსენა, როგორც მისი დანაშაული.

„მე ხომ მაბრალებს, რომ ვაკონტროლებ საქართველოს საბანკო სექტორს, რომ ვარ სანქციების მოწინააღმდეგე და რომ ვარ „იმედის“ მფლობელი. ეს სამი რამ დამაბრალა. და „იმედის“ მფლობელობა თუ დაბრალებაა! მეც მგონია, რომ ყველაფერი „იმედის“ გამო ხდება. იმ ხალხმა 2007 წელს, როდესაც ჰქონდათ საშუალება, იარაღის გამოყენებით, ავტომატებით, ხელკეტებით დაარბიეს-დააქციეს „იმედი“ და მრავალი წელი გამორთული ვიყავით. ახლა ასეთ ხერხს მიმართავენ, ასე უნდათ გაგვაჩუმონ.

იმ ორ ბრალდებაზე კი ვიტყვი, რომ მე ვარ „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი, რომელსაც მხოლოდ 5% აქვს წილი საქართველოს საბანკო სექტორში. ამდენად, 5%-ით ვერაფერს გავაკონტროლებ და არც ვაკონტროლებ. ეს ტყუილი თქვა.

ხელისუფლება რომ სანქციების მოწინააღმდეგეა, არის აბსოლუტური ტყუილი. არ ვარ მოწინააღმდეგე. ერთადერთი, რასაც მაბრალებენ, არის, რომ კითხვა დავუსვი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ არალოგიკური სანქციები რატომ გვაქვს-თქო. მიმაჩნია, რომ არალოგიკურია. ცუდად ვაკეთებთ და უკეთესად უნდა ვაკეთებდეთ-თქო. ლოგიკურად უნდა ვხმარობდეთ სანქციებს, ვიდრე ახლაა. ეს არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ვარ, პირიქით. უკეთესად შეიძლება ამის გაკეთება, ეს იყო ჩემი კითხვა.

ორი ბრალდება იყო აბსოლუტური ტყუილი, მესამეს სიამოვნებით ვეთანხმები - დიახ, მე ვარ „იმედის“ მფლობელი“, - განაცხადა რუხაძემ.

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების სანქცირებას ითხოვს.