ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, ქართველოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ ემერიტუსი პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა. ელგუჯა ხინთიბიძის 85 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოცემულ ორ მონოგრაფიაზე:
„წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“ (გამომცემლობა „ქართველოლოგი“, თბილისი, 2021) და “შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ (ინგლისურ ენაზე, გამომცემლობა ‘’Adolf M. Hukkert. Publisher’’, ამსტერდამი, 2022).
„ძალიან საინტერესო ღონისძიება მოეწყო თსუ-ში - შეხვედრა ელგუჯა ხინთიბიძესთან, თსუ პროფესორთან, აკადემიკოსთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობს უნივერსიტეტში და ემსახურება ქართულ ენას, ქართულ სიტყვას. ეს არის ადამიანი, რომელმაც აღზარდა მრავალი თაობა ახალგაზრდა მეცნიერებისა და დღემდე აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. სწორედ, ამ ღვაწლის დასაფასებლად დავაჯილდოვეთ უნივერსიტეტის ოქროს მედლით“,- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ელგუჯა ხინთიბიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო საზოგადოების (SIEPM) ნამდვილი წევრი, „ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის“, „ქართველოლოგიური სკოლის ფონდის“ და საერთაშორისო ორენოვანი ჟურნალის „ქართველოლოგის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
„ფილოლოგთა მრავალი თაობის აღმზრდელის - ელგუჯა ხინთიბიძის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია თსუ-სთვის. ფილოლოგია არ არის ის დარგი, სადაც ხშირად ხდება აღმოჩენები. თუმცა, ეს არ ეხება ბატონი ელგუჯას საქმიანობას, რადგან მისი მოღვაწეობა ყოველთვის გამოირჩევა სიახლეებით, მეცნიერული მიგნებებით, რაც ძალიან დიდ იმპულსს აძლევს ფილოლოგიის განვითარებას,“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის სამეცნიერო მუშაობის მიმართულებებია: ქართულ-ბიზანტიური და ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობები; ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია და რუსთველოლოგია. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ღირსების საერთაშორისო ორდენი (IOM) მითითებით „ქართველოლოგიის სამსახურისათვის“ (კემბრიჯი, 1994 წ.) და საქართველოს ღირსების ორდენი (2003 წ.), წაკითხული აქვს ლექციები და მოხსენებები ბიზანტინისტთა საერთაშორისო საზოგადოებისა და შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო კონგრესებზე და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთში, კანადაში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, რუსეთში, სერბეთსა და ბულგარეთში, ირანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნარკვევისა და 20 მონოგრაფიის ავტორი, რომელთა შორისაც 6 გამოცემულია ევროპაში ინგლისურ ენაზე.
„ჩემმა კოლეგებმა და სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ აღენიშნათ ეს დღე. თუმცა, ჩვენ ამას არ დავარქვით იუბილე და საიუბილეო შეხვედრა და დავარქვით საუბარი ჩემთან. საუბარი შეეხებოდა განვლილ გზას, მეცნიერულ თუ სასწავლო გამოწვევებს, ბოლო პერიოდში გამოცემულ წიგნებს, რომელშიც შეტანილია ბევრი ისეთ მიგნება წყაროებისა, რაც აქამდე ცნობილი არ იყო ჩვენს მეცნიერებაში - არც საისტორიო და არც ლიტერატურათმცოდნეობითი თვალსაზრისით. მაგალითად, უცხოეთში ახლახანს გამოიცა ინგლისურ ენაზე წიგნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ლიტერატურათმცოდნეობისთვის, ეხება „ვეფხისტყაოსანს“ და ლიტერატურულ წყაროდ იყენებს თვით შექსპირი,“- განაცხადა ელგუჯა ხინთიბიძემ.
ბოლო პერიოდის მონოგრაფიაში „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“ ლინგვისტურ და იურისპრუდენციულ კვლევებთან ერთად გამოქვეყნებულია ქართული მეცნიერებისათვის უცნობი საისტორიო და ლიტერატურათმცოდნეობითი მასალები; მათ შორის - „გიორგი ათონელის ცხოვრების“ ერთი მონაკვეთის XIII ს-ის ბერძნული და ლათინური თარგმანი, XIII ს-ის სირიული ჰიმნი თბილისის აოხრების შესახებ, შაჰ-აბას I-ის სამეფო კარზე წარმოთქმული ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვის XVII ს-ის ინგლისში დაბეჭდილი ჩანაწერი, XVII ს-ის ირანში შაჰის კარზე მივლენილი ინგლისელი დიპლომატების უცნობი ჩანაწერები შაჰ-აბასის ქრისტიანი ქართველი ცოლებისა და მათი შვილების შესახებ; უცნობი ქართული ხელნაწერი ათონის ქართველთა წიგნთსაცავში და XI ს-ის ორი ქართული ხელნაწერის ნაწყვეტები ბრიტანეთის მუზეუმში, ასევე ესპანელი მეფისა და დედოფლის XV ს-ის საპასუხო წერილი ქართველი მეფისადმი.
ინგლისურენოვანი მონოგრაფია “შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ წარმოადგენს მეორე შევსებულ და გადამუშავებულ გამოცემას მონოგრაფიისა, რომლის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა ინგლისში, ლონდონში, 2018 წლის ნოემბერში. ღონისძიებას ორგანიზატორობას უწევდა ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოება. მონოგრაფიაში გამოვლენილი და დასაბუთებულია, რომ „ვეფხისტყაოსანს“ იცნობს და ლიტერატურულ წყაროდ იყენებენ XVII ს-ის დასაწყისის ინგლისელი დრამატურგები, მათ შორის უილიამ შექსპირი.