სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის განვითარებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს დოქტორ ადელა დე ლა ტორეს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით,  თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმატებულ თანამშორმლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ადელა დელა ტორესს. „ჩვენ ვაფასებთ დოქტორ ადელა დელა ტორეს შრომასა და მიღწევებს, მის თავდადებას მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგოდების მიმართ.  თსუ-სადმი მისი  მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი წარმატებული სვლისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის კოლაბორაციას ოპტიმისტურად ვუყურებთ. დარწმუნებული ვართ, რომ თსუ და სან დიეგოს უნივერსიტეტი გამოიყენებენ საგანმანათლებლო დიპლომატიას, რაც აუცილებლად საჭიროა იმ ვითარების მოსაგვარებლად, რაც ხდება დღეს უკრაინაში და მთელს მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ მომავალი არის საჯარო ორგანიზაციების, ამიტომ აუცილებელია, რომ საჯარო ორგანიზაციების მჭიდრო კოლაბორაცია დაიწყოს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მიღება,“- განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა  დოქტორმა ადელა დე ლა ტორემ. 

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ამერიკული დიპლომი საქართველოში: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან საქართველოში პირველად,  ამერიკის უნივერსიტეტი გასცემს ამერიკულ დიპლომს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სან დიეგოს უნივერსიტეტის გლობალური განვითარების სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია.“ 
 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის საქართველოში ჰალილ გუვენის თქმით,  სან დიეგოს უნივერსიტეტი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებასა და განვითარებას: „ეს ღონისძიება სწორედ ამის დასტურია,  ადელა დე ლა ტორეს ხედვა მეცნიერების, ტექნოლოგიების, განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოში კვლავ გაგრძელდება, რაც გამოიხატება ჩვენს თანამშრომლობაში.“

დოქტორი ადელა დე ლა ტორე არის პირველი ქალი და პირველი ლათინოამერიკელი, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მუდმივი პრეზიდენტია. პრეზიდენტი დე ლა ტორე შეუერთდა SDSU-ს გუნდს 2018 წლის ივნისში, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემაში, არიზონას უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში, დევისში გამორჩეული კარიერის შემდეგ. დოქტორი ადელა დე ლა ტორე წარმატებული ეკონომისტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი და უმაღლესი განათლების ლიდერია 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტისას დაესწრება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას. წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს.