საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით 2021 წელს სემეკის მიერ განხორციელებული გეგმის ანგარიში წარადგინა. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის გასვლით სხდომაზე, სადაც განიხილეს ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები სემეკის მიერ სრულად შესრულებელია. სემეკის მხრიდან კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - მაია მელიქიძე და გოჩა შონია.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ ენერგეტიკული რეფორმისა და ევროპული დირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი დაამტკიცა, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ წესებთან დაახლოებას.
„სემეკის გადაწყვეტილებებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში განხორციელდა არაერთი აქტის ტრანსპოზიცია, დაინერგა ევროპული ტიპის გამოცდილება. დამტკიცდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების შესაბამისობის პროგრამები. დამტკიცდა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები, რომლის მიზანიცაა ბაზარზე კონკურენციის განვითარება, სამართლიანი ფასების ფორმირება, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა, საათობრივი ვაჭრობის დანერგვით მოთხოვნის მართვა. შემუშავდა და დამტკიცდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები, დამტკიცდა ელექტროენერგიის გადაცემის, გამანაწილებელი ქსელის წესები, საცალო ბაზრის წესები, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. კომისიამ დაადგინა საშეღავათო პირობები საჯაროდ ხელმისაწვდომი დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში სავალდებულო გახდა ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა. ამოქმედდა ახალი სატარიფო რეგულირება ელექტროენერგეტიკის სექტორში და კომისიამ დაამტკიცა უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა ბუნებრივი გაზის სექტორში - შემუშავდა ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესები, განხორციელდა ევროპის კომისიის რეგულაციის ტრანსპოზიცია ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში, შემუშავდა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელთა უფლებებსა და მომსახურების ხარისხის წესებს. სემეკმა 2021 წელს სწორად ამ მიმართულებით არაერთი ცვლილება განხორციელდა, რომელმაც გააუმჯობესა მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებას სემეკის საქმიანობაში ამჟამადაც უწყვეტი პროცესია. ჩვენი მიზანია, სრულად მოხდეს ევროპული საუკეთესო გამოცდილებისა და კანონმდებლობის ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გადმოტანა და მისი ჯეროვანი აღსრულების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.