მაიმუნის ყვავილისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ამ ეტაპზე პაციენტთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისგან თავის არიდებაა, რადგან ვირუსი გამონაყართან უშუალო შეხების გზით გადადის, - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მაიმუნის ყვავილის შემთხვევების რაოდენობა უკვე გადასცდა ორასს. 226 შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ. რაც შეეხება ქვეყნებს, აფრიკის გარეთ, არა ენდემური ქვეყნების რიცხვი გადასცდა 21-ს. ამ ქვეყნებიდან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები არიან შეერთებული შტატები, ესპანეთი, პორტუგალია და ავსტრალია, თუმცა, ერთეული შემთხვევაა 21-ზე მეტ შემთხვევაში. ყველამ უნდა ვიცოდეთ რა სიმპტომები ახასიათებს ამ ვირუსს. საწყისი სიმპტომებია, სისუსტე, ცხელება, ტკივილი თავისა და კუნთების მიდამოში, მე-4, მე-5 დღიდან კი ჩნდება პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც უფრო ხშირად იწყება სახის მიდამოდან და შემდეგ გადადის სხეულის დანარჩენ ნაწილებში. ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება, ეს არის საშუალო სტანდარტი, თუმცა, შეიძლება იყოს შემოკლებული ხუთ ან გახანგრძლივებული 21 დღემდე. ამ ვირუსიდან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება, ჯერჯერობით არის პაციენტთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისგან თავის არიდება. ეს არ არის ძნელი. კოვიდისგან განსხვავებით ის არ გადაეცემა ჰაერის გზით. ეს ინფექცია გადაეცემა კონტაქტური გზით, გამონაყართან შეხების გზით. ეს ვირუსი ევროპაში ძალიან ხშირია იმ მამაკაცებში, ვისაც აქვთ სექსი სხვა მამაკაცებთან, ვინაიდან სასქესო ორგანოებზე ჩნდება გამონაყარი და სქესობრივი გზით გადადების საკმაო შემთხვევებია“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.