ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე აჟღერებენ გზავნილს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე აჟღერებენ გზავნილს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს

ყველა რეფორმა არის გაწერილი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში, რომელიც ორიოდე კვირის წინ შეთანხმდა ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე არის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება და რეფორმები განხორციელდება ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად. ამ კუთხით ყველაფერი ნათელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას - ვისზე ჰქონდა მას საუბარი კონკრეტულად, როდესაც განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და კამპანიას აწარმოებენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ჩვენ გვქონდა პარლამენტში დებატები, სადაც რადიკალური ოპოზიცია 3 საათის განმავლობაში საჯაროდ ამტკიცებდა იმას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ყველა შეხვედრაზე ზუსტად იგივე გზავნილებს აჟღერებენ. ეს არის მათი პროპაგანდა და აგიტაცია.

„ნაცმოძრაობიდან“ ვის ჰქონდა კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან, სახელები, გვარები ამოიღეთ და ყველა მათგანი იყო ამ აგიტაციაში ჩართული, ასევე „ლელოდან“ ამოიღეთ სახელ-გვარები, ვის ჰქონდა შეხვედრები ონლაინ თუ პირდაპირი ფორმით ევროპელ პარტნიორებთან, ყველა იყო ამ აგიტაციაში ჩართული. მე რომს ახელები და გვარები არ შემეშალოს და არ გამომრჩეს ვინმე, ამოიღეთ სახელები და გვარები, ვისაც ჰქონდათ მათთან კომუნიკაცია, ყველა ამ გზავნილებით მიდიოდა ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა კობახიძემ.