რონალდო „რეალს“ ეთხოვება

რონალდო „რეალს“ ეთხოვება

დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „AS” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო „სამეფო გუნდს“ ემშვიდობება.

ბატონი ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ ახალგაზრდა პორტუგალიელმა „რეალის“ დატოვების სურვილი გამოთქვა. სამი დღის წინ გუნდმა წამყვან შემტევთან ახალი მოლაპარაკება წამოიწყო. კულუარული ცნობით, რუსი ლამაზმანი ირინე შეიკის პორტუგალიელი შეყვარებული მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ უნდა გადაქცეულიყო.

ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს მიმართ ერთგულება უფრო დასაფასებელი აღმოჩნდა და რონალდომ „რეალთან“ ახალ გაუმჯობესებულ  კონტრაქტზე საუბარი თავიდანვე აღკვეთა.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდის შემტევს მთხოვნელთა დიდი რიგი დაუდგა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ ჟერმენი“, „ჩელსი“ და „მონაკო“. კრიშტიანო რონალდო კარიერას ალბათ ზემოთდასახელებული გუნდებიდან რომელიმეში გააგრძელებს.

საინტერესოა რომ რონალდოს მოსურნე თითოეული კლუბი ფეხბურთელში 60 მილიონი ევროს გადახდას და თავად მოთამაშისთვის ხელფასის სახით წლიურად 23 მილიონის მიცემას აპირებს.