ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალი“, „განსაკუთრებულმა“, ანუ ბატონმა ჟოზე მოურინიომ დატოვა. „ერთადერთი“ „მშობლიურ“ ლონდონს დაუბრუნდა და ოფიციალურად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რომან აბრამოვიჩის გუნდში იმუშავებს.
ჟოზე მოურინიოს როგორც პროფესიონალს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დარწმუნებული გახლავართ, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორთან ურთიერთობა კვლავ დაეძაბება და „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყნის დატოვება კიდევ ერთხელ მოუწევს.
ჟოზემ თავისი თავის თავად იკითხოს, მადრიდის „რეალს“ კი ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ დამრიგებელი კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს. სიმართლე ითქვას და „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს „კარლიტოს“ ნაცვლად ჰერ იუპ ჰეინკესი სურდა, მაგრამ გერმანელი განუსაზღვრელი ვადით შვებულებაში გავიდა.
„საწყალ“ ფლორენტინოს ისღა დარჩენოდა, რომ პარიზული კლუბის არაბ მფლობელებს დაკავშირებოდა და კარლო ანჩელოტის „გამოსასყიდად“ დიდძალი თანხა გადაეხადა.
ესპანური მას-მედიის მტკიცებით, ხვალ მადრიდის „რეალი“ ოფიციალურ პრეს-კონფერენციას ჩაატარებს და ანჩელოტის ახალ მწვრთნელად წარადგენს.