წლების შემდეგ ABBA ისევ გაერთიანდა — ჯგუფის ვირტუალურ კონცერტს სამეფო ოჯახის წევრები და მსოფლიო ვარსკვლავები დაესწრნენ

წლების შემდეგ ABBA ისევ გაერთიანდა — ჯგუფის ვირტუალურ კონცერტს სამეფო ოჯახის წევრები და მსოფლიო ვარსკვლავები დაესწრნენ

ლეგენდარული შვედური პოპჯგუფი წლების შემდეგ კვლავ გაერთიანდა — ვირტუალური კონცერტის დაწყება ABBA-ს ოთხივე წევრმა ერთად აღნიშნა ლონდონში გამართულ პრემიერაზე.

აგნეტა, ფრიდა, ბენი და ბიორნი — 1970 წლის პოპვარსკვლავები 14 წლის განმავლობაში ერთად პირველად გამოჩნდნენ და ახალ თაობას თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს.

"ABBA-ს ჩემს გულში ყოველთვის იყო", — ამბობს აგნეტა წითელ ხალიჩაზე შემდგარ მოკლე ინტერვიუში, — "[ჯგუფის] გაერთიანება რთულად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან მუსიკა ჩვენი ნაწილია".

ფრიდას, იმავე ანი-ფრიდის თქმით, ამაზე წლების განმავლობაში ოცნებობდა.

კონცერტის გახსნას შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და დედოფალი სილვიაც ესწრებოდნენ. პრემიერაზე მივიდნენ მსოფლიო ვარსკვლავებიც, მათ შორის, კაილი მინოუგი, კირა ნაითლი და ზარა ლარსონი.

ვირტუალური კონცერტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ავატარებით — "აბატარებით" — შედგა, 2016 წლიდან მზადდებოდა. შოუზე გაცოცხლებულია ABBA-ის ახალი და უკვე კლასიკად ქცეული ჰიტები. სანახაობის შესაქმნელად ბენდის წევრები სპეციალურად აღჭურვილი კოსტიუმებით ხუთი კვირის განმავლობაში 160 კამერასთან წერდნენ პერფორმანსებს. შედეგად, განათებებისა და ვიზუალური ეფექტების წყალობით, კონცერტზე დამსწრეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ბენდი მართლაც სცენაზე ასრულებს. BBC-ის ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ეფექტი მეტისმეტად რეალისტურია და მის დასაჯერებლად საჭიროა, თავადვე დაესწრო კონცერტს.

"წარმოუდგენელი იყო", — ჰყვება შვედი პოპვარსკვლავი ზარა ლარსონი კონცერტის შემდეგ, — "ოთხჯერ ვიტირე. არ მეგონა, ასეთ რამეს თუ ვიგრძნობდი".

სანახაობა, რომლის პრემიერაც ლონდონში საგანგებოდ აგებულ არენაზე შედგა, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ვირტუალური საკონცერტო შოუ კი ლეგენდარული ბენდისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა, რადგან ჯგუფის დაშლის შემდეგ, 1982 წელს, მათ დაიფიცეს, რომ ტურნეს ერთად აღარ გამართავდნენ. ახალი ათასწლეულის დასაწყისში მათ $1-მილიარდიან შეთავაზებაზეც კი თქვეს უარი.

ამის მიუხედავად, შარშან, თითქმის 40 წლის შემდეგ ABBA-მ ახალი ალბომი Voyage გამოუშვა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფს ბევრი მსმენელი ჰყავს ახალ თაობაში — მათი უმეტესობა ბენდის მოღვაწეობისას დაბადებულიც კი არ იყო.

რაც შეეხება ლონდონში დაწყებულ საკონცერტო შოუს, გაგრძელდება თუ არა ინოვაციური სანახაობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ეს მის წარმატებაზეა დამოკიდებული.