ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების და სამეცნიერო ცენტრების ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმში ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით  მიმდინარეობს.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს თსუ. ტრადიციული სიმპოზიუმი პანდემიის გამო ორი წელი არ ჩატარებულა. წლევანდელი შეკრებას თანამშრომლობის საინტერესო ფორმატი აქვს და თემატიკაც აქტუალურია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიმპოზიუმში საკმაოდ ბევრი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არქეოლოგი, ისტორიკოსია ჩართული, რაც აუცილებელია მიმართულების განვითარებისთვის და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

წელს, ახალგაზრდა მეცნიერთა ყოველწლიურ საერთაშორისო სიმპოზიუმზე მთავარ მომხსენებლად წარმოდგენილი არიან პოლ ვორდსვორზი (ოქსფორდის უნივერსიტეტი), ქეთი კემპბელი (ლონდონის სამეფო კოლეჯი), ებერჰარდ სოიერი (ედინბურგის უნივერსიტეტი), ემანუელ ინტალიატა (აარუსის უნივერსიტეტი). მოხსენებებით წარსდგებიან ახალგაზრდა მეცნიერები აშშ-ს, იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, სომხეთის და სხვა ქვეყნებიდან.

„ამ კონფერენციისათვის ყველაზე მნიშნველოვანია მკვლევრების შეკრება სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან,  არა მხოლოდ არქეოლოგებისა და ისტორიკოსების, არამედ სხვა ბევრი ახალგაზრდა მეცნიერის. ეს საშუალებას იძლევა  ვისაუბროთ  ჩვენს სფეროსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე,  სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ თემაზე.  ეს მაგალითია იმისა,  თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთად  მომავალში ჩვენს სფეროში  სამეცნიერო წინსვლის მისაღწევად,“- განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ ვორდსვორზმა. 
 ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია თსუ-ში და განიხილოს სამეცნიერო სიახლეები და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში. 

„ორწლიანი პაუზის გამო ძალიან ბევრი საინტერესო თემა დაგროვდა, რომელსაც ამ სიმპოზიუმის ფარგლებში გავაცნობთ ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მკვლევრები, სტუდენტები. ამ ხალხთან ერთად ჩართული ვართ ერთობლივ პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ იმის ნიშანია, რომ თსუ საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ჩვენი მეცნიერები საკუთრ სიტყვას ამბობენ საერთაშორისო ასპარეზზე“- აღნიშნა თსუ ადოქტორანტმა დავით ნასყიდაშვილმა.

სიმპოზიუმის ფარგლებში თსუ მუზეუმმა მოაწყო გამოფენა „არქეოლოგია და უნივერსიტეტი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში არქეოლოგიის განვითარების საქმეში. აგრეთვე, მუშაობს   დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, სადისკუსიო ფორუმები, იმართება პლენარული მომხსენებლების საჯარო ლექციები. 
არქეოლოგია თსუ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ყოველწლიურად იზრდება დაინტერესება უცხოელთა მხრიდან, რაც, ცხადია, გზას უხსნის საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობას. თსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების აქტიური სამეცნიერო ჩართულობის ფონზე, უფრო და უფრო იხვეწება კვლევის თანამედროვე მეთოდები არქეოლოგიაში.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თსუ-ს მიერ განხორციელებული აღმოჩენები მეტად მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო სამეცნიერო წრისთვის.  აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს არქეოლოგიის აქტუალური საკითხების კვლევა-წარმოჩენა და თანამედროვე მეთოდების გაზიარება დარგში არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.