სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთთან დაპირისპირების და ერთმანეთის ლანძღვის სცენად გადაიქცა - ძალიან მძიმე ვითარებაა, ხელისუფლება აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, როდესაც მხოლოდ ბრალდებები შეუძლია და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დაპირისპირების ტონს ხელისუფლება იძლევა და ამას ემატება ისიც, რომ საერთაშორისო ვითარებაც საკმაოდ რთული და დაძაბულია.
„როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაცები ევროპაში დადიან... პრემიერმა სამადაშვილი ახსენა ხომ? თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ დარჩიაშვილის მაგივრად იქნებ სამადაშვილი დაგვენიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად?“, - განაცხადა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს, თუმცა იმასაც არ აკეთებს, რაც გასაკეთებელია.
„სასამართლო პრობლემა რომ პრობლემაა საქართველოში, ეს დღევანდელი ხელისუფლების ხომ არაა მარტო?! რაც თავი მახსოვს, სამართლიან სახელმწიფოში ერთი წუთითაც არ გვიცხოვრია. რაც თავი მახსოვს, ქვეყანაში სამართალი არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მისივე შეფასებით, ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებსა და იმ პრეტენზიებს, რაც დასავლეთს საქართველოს მიმართ აქვს, მოყვეს ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
პოლიტოლოგმა ასევე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გავრცელებულ 7 პუნქტზეც ისაუბრა, რომელიც, მათი თქმით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაბრკოლება არ შეექმნას.
ძაბირაძის თქმით, აღნიშნული 7 პუნქტიდან 5-ის განხორციელებას ხელს არაფერი უშლის, თუმცა ხელისუფლება ამ მოთხოვნებს იმიტომ არ ასრულებს, რომ უკან დახევის ეშინია.
„დავანებოთ თავი სააკაშვილის და გვარამიას პუნქტებს. რა არის ამ 7 პუნქტიდან პირველ 5-ში ისეთი, რაც ქვეყანას დაანგრევს?! პირველი 5-ის განხორციელებას რა უშლის ხელს? ეს თქვას ხელისუფლებამ.
[ხელისუფლება] უკან დახევას სისუსტედ თვლის. დებატებში ვერ მოგყვება, ამიტომ ამ ყველაფერს იცილებს და პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე გადადის. ამას ხელს უწყობს ოპოზიციაც, რომელიც ვერაფერზე ჩამოყალიბდა. ოპოზიციის ბოლო ორი თემა არის სააკაშვილი და გვარამია. ორივე აწყობს ხელისუფლებას. მათზე კამათი ხელისუფლებისთვის მისაღებია“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.