თანამედროვე მსოფლიოში ბიბლიის კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“.
სიმპოზიუმში ქართველ მეცნიერებთან ერთად ბიბლიის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი მკვლევრები მონაწილეობენ, რომლებიც განიხილავენ თუ რა გავლენა მოახდინა ბიბლიის თარგმანმა სხვადასხვა ერის განვითარებაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიის მკვლევარ ცნობილ მეცნიერებთან ერთად, სიმპოზიუმში ახალგაზრდა მეცნიერებიც მონაწილეობენ. ძალიან ინტენსიურად და პროდუქტიულად მუშაობს ამ თემატიკაზე თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი, საკითხს იკვლევს სხვადასხვა მიმართულებით. მრავალი საინტერესო მოხსენებაა წარმოდგენილი, რომელიც სამომავლოდ გამოიცემა და მისი მასალები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი უახლესი კვლევები, სტატიები შეეხება ბიბლიის თარგმანის გავლენას სხვადასხვა ერის გრამატიკულ სტრუქტურებზე, ცნებით სისტემაზე და ლექსიკაზე, მხატვრულ სახეებზე, ლიტერატურულ ჟანრებსა და ფორმებზე; აგრეთვე, თუ რა გზის გავლა დასჭირდა სხვადასხვა ერის ხელოვნებას ბიბლიის თხრობის შესაბამისი მხატვრული სახეებისა და გამომსახველობითი ფორმების ჩამოყალიბებისთვის; როგორ აღიქმებოდა და ყალიბდებოდა ბიბლიური თხრობის შესაბამისი მხატვრული ენა სხვადასხვაგვარი მემკვიდრეობის მტვირთველ გარემოში; შესაბამისად, როგორ ვითარდებოდა ეს მიმართებები ასწლეულების განმავლობაში.
თსუ ასოცირებული პროფესორის ანა ხარანაულის თქმით, „სიმპოზიუმი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული თარგმანების როლს ბიბლიის ტექსტის კვლევაში. კონფერენციის სტუმრები არიან ჩვენი ეპოქის ყველაზე გამოჩენილი და ღვაწლმოსილი წარმომადგენლები. მათ შორისაა ემანუელ ტოვი, რომელიც ბიბლიის ყველა დროის ყველაზე დიდი მკვლევარია. ასევე გეტინგენის ფსალმუნის გამოცემის ჯგუფი, რომელიც ამჟამად ბერძნულ და კოპტურ ბიბლიას გამოსცემს და ამ ყველაფერში ქართული ბიბლიის ჩართვა დიდი მიღწევა იქნება ქართველოლოგიური კვლევებისთვის.“
„უმნიშვნელოვანესი სიმპოზიუმი იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ჩვენ აქ განვიხილავთ ბიბლიის როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ და სომხურ თარგმანებს. მნიშვნელოვანია ამ თარგმანების შესწავლა და კავშირი მათ შორის. ამ უძველესი ტექსტებისა და მათ უკან მდგომი კულტურის შესწავლისას ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებასა და შეხედულებებს,“- აღნიშნა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორმა ემანუელ ტოვიმ.
თსუ პროფესორის ზაზა სხირტლაძის განცხადებით, „თავად თემა - ბიბლია იძლევა იმის საშუალებას, რომ რიგი საკითხებისა განვიხილოთ მრავალმხრივ: ეს იქნება ფილოლოგია თუ ხელოვნება და, შესაბამისად, ამ კონფერენციაში მონაწილეობენ ორივე დარგის წარმომადგენლები. ბიბლია ამოუწურავი თემაა, იგი ასწლეულების განმავლობაში იქცევდა ყურადღებას სხვადასხვა დარგის მეცნიერებისა. თსუ-ში ბიბლიის მკვლევართა ორდღიანი შეხვედრა ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ ამის ორგანიზატორია ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი, რომელიც აგრძელებს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა დიდი ნაწილის კვლევებს და ტრადიციებს.“
ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი თსუ-ში 2018 წელს დაარსდა, რომლის მიზანია ამ სივრცეში არსებული პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული, ენობრივი და სამწერლობო ურთიერთობების კომპლექსურად გაგება, დანახვა და შესწავლა. საქართველო ქრისტიანული აღმოსავლეთის კულტურის განსაკუთრებული ნაწილია: მისი კულტურა ყალიბდება არა მხოლოდ ცენტრთან - ბიზანტიასთან, ბერძნულენოვან სამყაროსთან თანამშომლობაში, არამედ პროვინციათაშორის ურთიერთობაში - სომხურ, სირიულ, არაბულ კულტურებთან მჭიდრო ურთიერთქმედებაში. ამ თვალსაზრისითაც ქართული გამოცდილება უნიკალურია. თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიზანია გახდეს მულტიდიციპლინური და ინტერდისციპლინური ცენტრი კვლევებისა, რათა იკვლიოს, თუ როგორ ხდებოდა გლობალური ქრისტიანული ცივლიზაციის ფარგლებში ლოკალური ტრადიციების განვითარება და ნაციონალური კულტურის ჩამოყალიბება.
სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა მხატვარ ლიკა ტოვის ილუსტრაციების გამოფენა „ბიბლიური სახეები ბიბლიის თანამედროვე ილუსტრატორის თვალით.“
სიმპოზიუმი ტარდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.