შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ჟურნალისტებს, რომლებმაც ლოჟიდან ბანერი გადმოფინეს, ძვირფასო ჟურნალისტებო, სინამდვილეში, თქვენ გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც მედიაშია

შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ჟურნალისტებს, რომლებმაც ლოჟიდან ბანერი გადმოფინეს, ძვირფასო ჟურნალისტებო, სინამდვილეში, თქვენ გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც მედიაშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მიმართა, რომლებმაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით - „თავისუფლება ნიკას“ გადმოფინეს.

პაპუაშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტების ნაწილი ახალ ამბებს აშუქებდეს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი.

„მინდა მივმართო ჟურნალისტებს, რომლებმაც ჟურნალისტების ლოჟიდან გადმოფინეს ბანერი. ძვირფასო ჟურნალისტებო, ეს ლოჟა განკუთვნილია იმისთვის, რომ იქიდან აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა. სინამდვილეში, თქვენ გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც მედიაში არის. სამწუხაროდ, ჟურნალისტების ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი, თქვენ ზუსტად ამით ხართ დაკავებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ბანერი წარწერით - „თავისუფლება ნიკას“ გადმოფინეს.

ბანერი სასესიო დარბაზის აივნიდან, იქ, სადაც მედიის წარმომადგენლები სხედან, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა გადმოფინეს.