პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე თანამოქალაქეებს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
რუსთაველის გამზირიდან „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას თალაკვაძემ განაცხადა, რომ არაერთმა თაობამ ძალიან ბევრი იბრძოლა და იშრომა, რათა გვქონოდა სახელმწიფო და გვქონოდა შანსი, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.
„ამ წლების განმავლობაში გავატარეთ რეფორმები, მივიღეთ თქვენი დიდი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. უკვე ველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, მართალია, ეს ეხება კანდიდატის სტატუსს და საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მჯერა, რომ ამ საუკუნოვან ოცნებას ჩვენ ერთად ავისრულებთ და საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა თალაკვაძემ.