ბევრმა ალბათ უკვე იცის, რომ ცნობილ ამერიკელ მომღერალს, ბილი აილიშს, ტურეტის სინდრომი აქვს. დიაგნოზი მას 11 წლის ასაკში დაუსვეს. ტურეტის სინდრომი, ძირითადად, განმეორებადი მოძრაობებითა და არასასურველი ხმების გამოცემით, ანუ ტიკებით — ძნელად გასაკონტროლებელი ქმედებებით — გამოიხატება.
აილიშმა ცოტა ხნის წინ ღიად ისაუბრა სინდრომთან ერთად ცხოვრებაზე. მომღერალი ნეტფლიქსზე დევიდ ლეტერმანის საავტორო შოუში იყო სტუმრად, როცა თავისი გამოცდილება გაიხსენა.
"დიდხანს თუ გადამიღებთ, ბევრ ტიკს შეამჩნევთ", — ეუბნება წამყვანს აილიში.
ბილის თქმით, როცა სხვები ტიკებს ამჩნევენ, ყოველთვის გაგებით არ ეკიდებიან ამას.
"ყველაზე გავრცელებული რეაქცია სიცილია ხოლმე, რადგან ფიქრობენ, რომ ასე ვცდილობ, სასაცილო ვიყო... მე კი ყოველთვის ძალიან შეურაცხყოფილი ვრჩები", — აღნიშნავს მუსიკოსი.
ბილი ასევე ამბობს, რომ ტურეტის სინდრომის თავისეულ გამოცდილებაზე საუბარი უყვარს და ბედნიერია, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა. მომღერლის თქმით, მოძრაობისას ან სცენაზე შესრულებისას ტიკები თავს არ ახსენებს, ზოგიერთი მსგავსი ქცევა კი საერთოდ გაქრა დროთა განმავლობაში.
"არსებობს რაღაცები, რასაც ჩემთან საუბრისას ვერასდროს შენიშნავთ", — ამბობს ბილი, — "თუმცა, ჩემთვის ეს ძალიან დამღლელია".
მომღერალმა ასევე თქვა, რომ ტურეტის სინდრომის დიაგნოზმა ბევრი ადამიანი, მათ შორის, მუსიკოსებიც, გააცნო.
"რამდენიმე ხელოვანი პირდაპირ მოვიდა და მითხრა, მეც ტურეტის სინდრომთან ერთად ვცხოვრობო", — იხსენებს აილიში, — "მათ ამაზე საუბარი არ სურთ, ამიტომ, ცხადია, არ დავასახელებ, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც საინტერესო აღმოჩნდა".