კიმ კარდაშიანის თქმით, პიტ დევიდსონთან და შვილებთან ერთად მოკვლით დაემუქრნენ

კიმ კარდაშიანის თქმით, პიტ დევიდსონთან და შვილებთან ერთად მოკვლით დაემუქრნენ

კიმ კარდაშიანმა საკუთარი ოჯახის გაძლიერებული დაცვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც უცნობისგან 30-მდე წერილი მიიღო, რომლებიც მუქარას შეიცავდა. კიმის თქმით, ერთ-ერთ წერილში პიტ დევიდსონთან და თავის 4 შვილთან ერთად მოკვლით დაემუქრნენ.

ოფიციალურ დოკუმენტებში კიმი მძიმე ემოციურ სტრესზეც საუბრობს, რაც უცნობი კაცის წერილებმა და მუქარამ გამოიწვია. მისივე თქმით, წერილები სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც შეიცავს და მოდელს საკუთარი ოფისის ბომბით აფეთქებითაც ემუქრებიან.

კიმმა ამ თვის დასაწყისში მოითხოვა, რომ კაცის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გაეცათ, თავად კი ამბობს, რომ უცნობს არასდროს შეხვედრია და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. კიმის ადვოკატის თქმით, უცნობი კაცი არაერთხელ დაემუქრა კიმსა და პიტ დევიდსონს მოკვლით და აშკარაა, რომ მათი ადგილსამყოფელიც ყოველთვის იცის. გარდა ამისა, უცნობი კაცის თქმით, კიმი მის "შავ სიაში" პირველ ადგილზეა და მალე მოკვდება.

ლოს-ანჯელესის სასამართლომ კაცის წინააღმდეგ დროებითი შემაკავებელი ორდერი გასცა, რომლითაც მას კიმთან და პიტ დევიდსონთან მიახლოება და კონტაქტი აუკრძალა. უფრო გრძელვადიანი ორდერისა და დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას 13 ივნისისთვის ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ.

კიმ კარდაშიანი საკუთარი თავისა და ოჯახის უსაფრთხოებას მას შემდეგ აქცევს დიდ ყურადღებას, რაც 2016 წელს შეიარაღებულმა ადამიანებმა გაძარცვეს. პოლიციის ფორმაში გადაცმული მძარცველები კიმის სასტუმროს ოთახში შეიჭრნენ, როცა მოდელი მარტო იყო. კიმმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ფაქტმა ძალიან შეაშინა და მასზე დიდი გავლენა მოახდინა.