კიბიდან არასდროს დავუგორებივარ — ქეით მოსი ჯონი დეპის შესახებ სასამართლოში

კიბიდან არასდროს დავუგორებივარ — ქეით მოსი ჯონი დეპის შესახებ სასამართლოში

ვირჯინიის შტატში გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი — მსახიობი ჯონი დეპი თავის ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს 2018 წელს გამოქვეყნებული ოპ-ედის გამო, სადაც ჰერდი ოჯახში ძალადობის გამოცდილებაზე წერს, ცილისწამებისთვის უჩივის. ამჯერად სასამართლოზე ჩვენება ჯონი დეპის ყოფილმა პარტნიორმა, სუპერმოდელმა ქეით მოსმა მისცა.

ქეით მოსი სასამართლოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ამბერ ჰერდმა აღნიშნა, რომ სადღაც მოისმინა, რომ ჯონი დეპმა 90-იანებში ქეით მოსს ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. ამბერი იმ შემთხვევაზე მიუთითებდა, როცა ქეითი და ჯონი იამაიკაში ისვენებდნენ და ქეითი კიბიდან გადმოვარდა.

"გამახსენდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მან თავის ყოფილ შეყვარებულს — მგონი, ქეით მოსს — ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა", — განაცხადა ამბერმა, როცა მის დასა და ჯონის შორის მსგავსი სახის დაპირისპირებაზე საუბრობდა.

ქეით მოსმა, რომელიც ჯონი დეპს 1994-1998 წლებში ხვდებოდა, ჩვენებმა ონლაინ რეჟიმში, ინგლისიდან მისცა. მან ამბერ ჰერდის სიტყვები უარყო.

"ჩვენ ოთახიდან გავდიოდით. ჯონი ჩემზე ადრე გავიდა. შტორმი იყო. როცა გასვლას ვაპირებდი, კიბეზე დავგორდი და წელი ვიტკინე. ვიკივლე, რადგან არ ვიცოდი, რა ხდებოდა და ყველაფერი მტკიოდა. მან [ჯონი დეპმა] ჩემთან მოირბინა, ოთახში შემიყვანა და შემდეგ სამედიცინო დახმარება მივიღე", — გაიხსენა ქეით მოსმა კიბეზე დაგორების ინციდენტი.

ამის შემდეგ ჯონი დეპის ადვოკატმა ქეითს ჰკითხა, მათი ურთიერთობის განმავლობაში ჯონის ის კიბეზე თუ დაუგორებია, რაც მოდელმა უარყო. ამბერ ჰერდის ადვოკატმა ქეითის დაკითხვაზე უარი განაცხადა.