კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის 10 სოფლის მოსახლეობას ციფრული სერვისების გამოყენებაში ტრენინგი ჩაუტარა 

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის 10 სოფლის მოსახლეობას ციფრული სერვისების გამოყენებაში ტრენინგი ჩაუტარა 

კომუნიკაციების კომისიამ, „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მაკვანათის, დვაბზუს, ბახვის, სილაურის, ბაღდადის, ჯუმათის, ლიხაურის, ასკანას, კონჭკათისა და ჭალის მოსახლეობისთვის 10 ტრენინგი ჩაატარა. სპეციალურად შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა ისეთ მნიშვნელოვან თემებში გადამზადდა, როგორებიცაა: ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, ინფორმაციის მოძიების მეთოდები, ინტერნეტი კომუნიკაციისთვის - სასარგებლო ონლაინ აპლიკაციები. 

საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, “Log-in Georgia”-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია, სოფლად მცხოვრები                   500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა, ასევე, ციფრული უნარების განვითარება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა. 

ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტით დაიწყო. პროექტის შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის, 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” კი კომუნიკაციების კომისია ახორციელებს.