რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა “Queen” ახალი აღიარება მოიპოვა.
ამერიკულმა კომპანია “Broadcast Music Inc”-მა მუსიკოსები “ლეგენდარული ჯგუფის” წოდებით დააჯილდოვა. ეს კომპანია აშშ-ის მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების უფლებებს იცავს.
ამ პრიზის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი რამდენიმე დღის წინ ლონდონის “დორჩესტერის” სასტუმროში გაიმართა. მას “Queen”-ის წევრები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ბრაიან მეი ემოციებს ვერ ფარავდა.
“აშშ-თან ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა. ამ ქვეყანაში არაერთი საგასტროლო ტურნე ჩაგვიტარებია. ამის მიუხედავად ამერიკაში რაიმე ჯილდო არასოდეს დაგვიმსახურებია. მოხარული ვარ, რომ ოკეანისგაღმა ჩვენი ჯგუფი ბოლოს და ბოლოს სათანადოდ დააფასეს და ეს მშვენიერი ტიტული გვიბოძეს” – განაცხადა ბრაიან მეიმ.
BMI”-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჯგუფმა კიდევ ერთი ჯილდო დაიმსახურა. კერძოდ, აღიარება ერგო კომპოზიციას “Another One Bites the Dust”, რომელიც ამერიკულ მუსიკალურ რადიოგადაცემებში სამ მილიონჯერ აჟღერდა. ადრე ანალოგიური პატივი მსოფლიოში ცნობილ “We Are the Champions” ერგო.
წინა წლებში “BMI”-ის წლის ლაუერატები გამხდარან ვან მორისონი, ჯეიმს ბრაუნი, ვილი ნელსონი, დონ ბლეკი, “Bee Gees” და სხვები.