რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას აზრით, ჯორჯ ორუელის კლასიკად ქცეული დისტოპია 1984 დასავლური ლიბერალიზმის საფრთხეებს აღწერს და არა ტოტალიტარიზმს.
"ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ გვჯეროდა, რომ ორუელმა ტოტალიტარიზმის საშინელებები აღწერა. არადა, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფანდია", — აღნიშნა ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ შეხვედრაზე, — "ორუელმა ლიბერალიზმის აღსასრულზე დაწერა. მან აღწერა, როგორ მოუღებს ლიბერალიზმი კაცობრიობას ბოლოს".
1949 წელს გამოცემული რომანი დღემდე მიიჩნევა ტოტალიტარული მმართველობისა და საზოგადოების კონტროლის საფრთხის შესახებ შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. წიგნში აღწერილი მმართველობა, გავრცელებული ცნობით, ორუელმა ნაცისტური გერმანიისა და სტალინისტური საბჭოეთის მაგალითზე შექმნა.
სხვათა შორის, ზახაროვას ისიც ჰკითხეს, რას უპასუხონ უცხოელებს, როცა ისინი ამბობენ, რომ რუსეთი დღეს ორუელისეულ რეალობაში ცხოვრობს.
"ორუელს საბჭოთა კავშირზე არ დაუწერია, ეს ჩვენზე არ ყოფილა", — აცხადებს დიპლომატი, — "მან დაწერა იმ საზოგადოებაზე, სადაც თავად ცხოვრობდა — როგორ განიცდიდა კრახს ლიბერალიზმის იდეა. თქვენ კი დაგაჯერეს, რომ ორუელმა თქვენზე დაწერა".
ზახაროვამ კითხვის ავტორს ურჩია, უცხოელებს უთხრას, რომ "ისინი ცხოვრობენ წარმოსახვით სამყაროში, სადაც ადამიანისთვის ხაზის გადასმა შეიძლება".
ორუელისეულ რეალობასთან რუსეთის შედარება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქვეყანა რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, პარალელურად კი, აქტიურად აამუშავა პროპაგანდისტული მანქანები ქვეყანაში კრემლისტური ნარატივის გასავრცელებლად. კრემლი უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს, რომლის მიზანიც უკრაინის "ფაშისტური ძალებისგან გათავისუფლებაა".
სხვათა შორის, წინა თვეში, რუსეთში, დააკავეს აქტივისტი, რომელიც ქუჩაში გამვლელებს ორუელის რომანს ურიგებდა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში 1984-ის გაყიდვებმა ბოლო თვეების განმავლობაში თვალშისაცემად მოიმატა, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის მეზობელ ბელარუსზე. ქვეყანაში, რომელსაც პუტინის პოლიტიკის მოზიარე ლუკაშენკო უკვე 28 წელია, მართავს, რამდენიმე დღის წინ 1984-ის გაყიდვა საერთოდ აიკრძალა.
რუსეთში ორუელის ნაწარმოები ჯერ ოფიციალურად აკრძალული არ არის, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ზახაროვამ სათაურის სწორად დამახსოვრება მაინც მოასწრო უკვე. დიპლომატმა 2017 წელს დასავლური მედია "დიდ ძმას" შეადარა და წიგნი 1982-ად მოიხსენია.