ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დანიის და ნიდერლანდების სამეფოების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან ნიკ ჰეკერუპთან და ჯანინ ჰენის-პლასჩერტთან გამართა ორმხრივი შეხვედრები.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათი თქმით, ორივე ქვეყანა აკვირდება საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროცესი წარმატებით განხორციელდება.
„დღეს გვქონდა საქართველოს მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრა. მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ნატოში საქართველოს გაწევრიანების ტემპებთან დაკავშირებით ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდათ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველომ მართლაც მოახერხა დაერწმუნებინა ეს ქვეყნები იმაში, რომ შეუქცევადია ჩვენი კურსი ევროპაში, ნატოში გაწევრიანებისკენ. რაც მთავარია, ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება, არ არის მხოლოდ სიტყვა, არამედ რეალური საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აისახება გადაწყვეტილებებში, რომელსაც იღებს ნატო“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.