ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დააკავოს.
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ახლა მოვყვები ქრონოლოგიურად როგორ განვითარდა პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება გიგა ბოკერიას მიმართ.
1. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საერთაშორისო პრესის და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მისი კრიტიკოსები სააკაშვილი/ბოკერია/გლუქსმანის სიცრუის "აჟიტირების" მსხვერპლნი არიან - რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების დიდი უმრავლესობა და საერთაშორისო საზოგადოება ბრიყვების ნაკრებია და სააკაშვილი/ბოკერია/გლუქსმანი აჯერებს იმას, რაც მოესურვებათ. ამას ის ყველა საერთაშორისო ფორუმზე იმეორებს, რითაც თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებს - ლუნატიკს უწოდებს ყველა, ვისაც საღი აზრი მოეკითხება.
2. ყველაზე კრიტიკული, ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზეთის, "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭო აღმოჩნდა, რომელმაც ხუთი თვის წინ წერილში ღიად და ზუსტად ისაუბრა ივანიშვილთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.
3. ამას მოყვა ივანიშვილის განრისხება და მისი საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ შესასწავლია, რაში იხარჯებოდა უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი. მან ცილიც დასწამა ბოკერიას, რომ ის დიდი რაოდენობით ფულს ანაღდებდა, თუმცა შემდეგ ეს სიბრიყვე აღარ გაუმეორებია. მე რომ გიგას ადგილას ვიყო, პრემიერ-მინისტრს ცილისწამებისთვის ვუჩივლებდი, მაგრამ მის ადგილას არ ვარ.
4. ივანიშვილის განცხადებიდან მალევე უშიშროების საბჭოში სამართალდამცველები შევიდნენ და დოკუმენტაცია გამოითხოვეს.
5. ამის შემდეგ, ივანიშვილმა კარგა ხნის წინ, მის მიერ პერსონალურად დაანონსებული გეგმა სისრულეში მოიყვანა და ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოყვა და "ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო საბჭოს მეორე წერილი, რომლის ავტორებიც საქართველოს მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ივანიშვილის ბრიყვული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო.
6. "ვაშინგტონ პოსტის" წერილის გამოქვეყნებიდან ორ დღეში, ივანიშვილი კიდევ ერთხელ ესხმის თავს ბოკერიას და ამჯერად მის ხელფასის ლეგიტიმურობას და ბოკერიას პროდუქტიულობას აყენებს ეჭვქვეშ.
7. გამოიცანით შემდეგი ნაბიჯი რა იქნება - გიგას დაკავება
დააკავეთ გიგა ბატონო ბიძინა - ამით თქვენს დასასრულს დააჩქარებთ. მომენატრება, მაგრამ პოლიტიკური პატიმრის ცოლობაც საინტერესო გამოცდილებაა", - წერს ჩერგოლეიშვილი.