ნატოს ასპირანტი ქვეყნების სემინარი (ვიდეო)

ნატოს ასპირანტი ქვეყნების სემინარი (ვიდეო)

ნატოს კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო სემინარი „საზოგადოების ცნობადობის ამაღლება ნატო-ს შესახებ“ გაიხსნა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე. მან ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში კომუნიკაციის სტრატეგიის შესახებ გააკეთა მოხსენება. სიტყვით გამოსვლისას თამარ ქაროსანიძემ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, იმიტომ, რომ გვაძლევს საშუალებას საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია ნატოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობის გააქტიურებას. დღეს, მე ვისაუბრე ISAF-ში ჩვენი მონაწილეობის შესახებ თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სტრატეგიაზე. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიაა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ ვმონაწილეობთ ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიაში და გავცეთ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება“ - აღნიშნა თამარ ქაროსანიძემ.

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მიმდინარე ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკები ლაშა ბერიძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ.

ნატოს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება. ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის საელჩოს ორგანიზებით, ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტო-გამოფენა გაიხსნება. ფოტოები ასახავს ISAF-ის მისიაში ქართველი და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას.