"ვაშინგტონ პოსტი" ცდება, საქართველოს დემოკრატია განსაცდელში არ არის

ადრეც დამიწერია იმის შესახებ, რომ უბრალოდ სასაცილოა, როცა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხურვალე მხარდამჭერს, მოიხსენებენ, როგორც „პრო-რუსული“ ორიენტაციის მატარებელსა და „პუტინის კაცს“. ამის მიზეზი,დიდწილად, გახლავთ არა ივანიშვილის ესა თუ ის განცხადება ან მოქმედება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ბრწყინვალე უნარი, მოიპოვოს მეგობრები და მხარდამჭერები ვაშინგტონის ელიტარულ წრეებში და წარდგეს, როგორც ამრიკის ერთადერთი სანდო მოკავშირე. ივანიშვილისადმი სიძულვილი და შიში უფრო გამძაფრებულია პოლიტიკური სპექტრის მარჯვენა მხარეს, თუმცა ცენტრისტული მსოფლმხედველობის მომხრენიც, გაზეთი Washington Post, მათ შორის, ასევე ძალიან სკეპტიკურად უყურებენ პოლიტიკოსად ქცეულ ამ მილიარდერს.

გაზეთმა Washington Post კი ყველა ზღვარს გადააჭარბა, როცა გამოაქვეყნა უკიდურესად მიკერძოებული სარედაქციო წერილი და ატეხა უსაფუძვლო განგაში. ამ სტატიაში საჯაროდაა გაცხადებული, რომ „საქართველოს დემოკრატია“ განსაცდელშია. აი, როგორ ავითარებს ამ აზრს გაზეთი (ხაზგასმულია წინამდებარე სტატიის ავტორის მიერ):

„საქართველოს წინა ხელისუფლებას ბატონი მერაბიშვილისა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ბრალი მიუძღვის კანონის გვერდის ავლით მოქმედებაში და ოპონენტებსა და მედიაზე აქა-იქ გამოყენებულ ზეწოლაში. მაგრამ სწორედ ხსენებული პირები ხელმძღვანელობდნენ ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოს ისტორიაში და უმალ აღიარეს დამარცხება, რამაც ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. განცხადება, რომ ბატონი მერაბიშვილის სასამართლო დევნა არაა პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული, ისევე სანდოა, როგორც განცხადება, რომ უკარიანის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო დაპატიმრებულია პრემიერ-მინისტრის რანგში ჩადენილი დანაშაულებისათვის.

ბატონ ივანიშვილს, მილიარდერს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, შეეძლო მიეღო ბატონი სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით დათმობა, თავი აერიდებინა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სასამართლო დევნისთვის და ყურადღება გაემახვილებინა წლების განმავლობაში სტაბილური ეკონომიკური ზრდის შედეგების შენარჩუნებაზე. ნაცვლად ამისა, ეკონომიკა სტაგნაციაშია, ხოლო ახალი ხელისუფლება უტევს ოპოზიციას სასამართლო დარბაზებსა და ქუჩებში“.

პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობას (ან არადემოკრატიულობას)აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ეკონომიკურ ზრდასთან. ზოგიერთი ავტორიტარული მთავრობა მართლაც ახორციელებს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, ზოგიერთი დემოკრატიული მთავრობის პირობებში კი ადგილი აქვს ეკონომიკურ სტაგნაციას. ზუსტად ვერ დამიდგენია, რატომ ურევს ერთმანეთში და უთავსებს WashingtonPost ამ ორ ძალიან განსხვავებულ რამეს (პოლიტიკური ლიბერალიზმი და ეკონომიკური ზრდა). ასეა თუ ისე, ეს გახლავთ იმდენად თვალშისაცემი და ფუნდამენტური შეცდომა, რომ იწვევს მიკერძოების ეჭვს ამ არგუმენტის წამოყენებისას.

თუმცა, მოდით, მივუბრუნდეთ სააკაშვილის ხელისუფლებას და მის მიერ „კანონისათვის გვერდის ავლას (იკითხება: „კანონის დარღვევას“)“. შემდეგი გახლავთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რას ფიქრობენ პრესტიჟული უფლებათა დამცველები სააკაშვილის ხელისუფლებისა და მისი დამოკიდებულების შესახებ სამოქალაქო თავისუფლებებისადმი.

Freedom House: „საქართველოში კვლავინდებურად შეინიშნება ელიტარული კორუფცია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შერჩევითი მიდგომის წყალობით დამკვიდრებული ფავორიტიზმისა და შიდა გარიგებების შესაძლებლობები... მთავარმა კერძო ტელევიზიებმა მიიღეს სამთავრობო სუბსიდიები ნაციონალური მოძრაობისაგან და პრო-სამთავრობო აზრს ატარებენ... მართლმსაჯულების სისტემაში შეინიშნება კორუფცია და ზეწოლა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან“.

საერთაშორისო ამნისტია: „საერთაშორისო ამნისტია შეშფოთებულია ოპოზიციური პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა მასობრივი დაკითხვების გამო სრულიად საქართველოს მასშტაბით გასული კვირის განმავლობაში, რასაც ახლდა შეტყობინებები იურიდიული გარანტიების დარღვევისა და ოპოზიციისადმი დადებითად განწყობილ პირთა დაშინების ფაქტების შესახებ. როგორც ანგარიშებიდან გახდა ცნობილი, ოპოზიციის მხარდამჭერთა დაკითხვისას (ასევე იმ პირთა დაკითხვისას, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი ოპოზიციურ პარტიებში) მათ უარი ეთქვათ სამართლებრივ წარმომადგენლობაზე (ადვოკატი), რისი კანონიერი უფლებაც მათ ჰქონდათ. მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრთა და მათ მხარდამჭერებად მიჩნეულ პირთა შერჩევითი დაკითხვა, ამ დაკითხვების მსვლელობის ხასიათი, დასმული კითხვების დიდი ნაწილის ხასიათი და დასაკითხად დაბარებულთა დიდი რაოდენობა მიუთითებს ამ პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე, რომლის მიზანიცაა ამჟამინდელი და პოტენციური ოპოზიციური პარტიებისადმი დადებითად განწყობილი პირების დაშინება“.

გაერო: „სახეზეა რიგი შემაშფოთებელი მინიშნებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ზოგადად დადებითი კურსი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო კონცენტრირებას მოდერნიზაციაზე შეიძლება მოჰყვეს შიშის, დაშინებისა და ფუნდამენტური უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვების ატმოსფეროს შექმნა... ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია კეთიდღეობის, მატერიალური უზრუნველყოფისა და უსაფრთხოებისაკენ წინსვლის გაგრძელება, არის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვა. ახლახანს მიღებული სამართლებრივი აქტები კი ისევე, როგორც ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის ამას“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: „ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი) შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა არ აღსრულებულიყო სამართალი“.

ასე რომ, საყოველთაოდ აღიარებული და მიუკერძოებელი უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის დროს ჩაიდინა რიგი ძალიან სერიოზული დარღვევებისა და დანაშაულებებისა. ის ახორციელებდა პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას, ზეწოლას სასამართლოზე. აწარმოებდა კორუფციულ შიდა გარიგებებს. ამაზე კივიღაცამ უნდა აგოს პასუხი. რადგანაც ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო იმ დროს, როცა ყველა ამ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, იქნებ შესაძლებელი მაინც იყოს, რომ მისი სამართალში მიცემა განიხილებოდეს, როგორც არა უხეში პოლიტიკური ანგარიშსწორება, არამედ სრულიად გამართლებული ნაბიჯი. ნუთუ მართლა გიჟურია ვარაუდი იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა მნინისტრი შეიძლება იყოს ნაწილობრივ პასუხისმგებელი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე?

გაზეთი Washington Post დაჟინებით ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირის სამართალში მიცემის ნებისმიერი მცდელობა უკანონოა. ეს კი აბსურდია. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახელებული სამხილების გათვალისწინებით, სრულიად ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა მართლაც ჩაიდინა სერიოზული დანაშაული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს. ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ ემსახურება კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, ვალდებულია, გამოიძიოს და გაასამართლოს ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ეჭვმიტანილია სააკაშვილის ხელისუფლებისათვის დამახასიათებელ და მისი მმართველობის დროს ფართოდ გავრცელებულ დანაშაულებში. სწორედ ამას ნიშნავს „კანონის უზენაესობა“, ანუ ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე: არ არსებობს არავითარი შეღავათი იმ მიზეზით, რომ „ჩემი პოლიტიკის წყალობით ეკონომიკამ მართლაც განიცადა სწრაფი ზრდა!“

მერაბიშვილისა თუ ნაციონალური მოძრაობის სხვა თანამდებობის პირთა გასამართლების კანონიერებისა თუ უკანონობის დადგენის ერთადერთი გზა არის საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამხილისა და ამ სასამართლო პროცესების წარმართვის ხასიათის განხილვა. თუ ივანიშვილის ხელისუფლება წარადგენს აშკარად გაყალბებულ სამხილს და განახორციელებს დაუფარავ ზეწოლას სასამართლოზე გამამტყუნებელი განაჩენის მისაღწევად, აი, მაშინ გვექნება საქმე მინიშნებასთან, რომ საქართველოს დემოკრატია განსაცდელშია. მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ ბრალდება წაუყენა მერაბიშვილს თავისთავად არაფერზე არ მიუთითებს.

ჩემი გულწრფელი იმედია, რომ საქართველო შეძლებს წინსვლას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციისაკენ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ პირობით, თუ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები პასუხს აგებენ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართოდ გავრცელებულ ფაქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათი მმართველობის დროს. ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს არა ნაციონალური მოძრაობის წევრი თანამდებობის პირების სამართალში მიცემა-არ მიცემის საკითხი, არამედ ის, თუ როგორ წარიმართება მათი სამართალში მიცემის პროცესი. ჭეშმარიტება რეალურ პროცესებში გამოვლინდება: ივანიშვილის ხელისუფლება შეიძლება იყოს დაკავებული პოლიტიკური ხასიათის „კუდიანების დევნით“, თუმცა ის შეიძლება სრულიად სამართლიანად ცდილობდეს სამართლის უზრუნველყოფას. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ. აი, რისი გაკეთებაც კი არ გვმართებს, არის ის, რაც გაზეთმა Washington Post გააკეთა განხილულ სტატიაში: მიკერძოებული პოლიტიკური პოზიორობა და ვარაუდები, რომლებსაც საფუძვლად არ უდევს რეალური ინფორმაცია.

http://www.forbes.com/sites/markadomanis/2013/06/01/the-washington-post-is-wrong-georgias-democracy-isnt-in-peril/